ახალი ამბები
ატენში გორის მერიას მიწების გარკვეული ნაწილი გასხვისებული დახვდა
ატენში გორის მერიას მიწების გარკვეული ნაწილი გასხვისებული დახვდა.

ამის გამო, საჯარო რეესტრმა მიწის რეგისტრაციაზე უარი განუცხადა.

მერიამ მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მოითხოვა, თუმცა:

,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია. მოთხოვნილი უფლება დაინტერესებულ პირზე უკვე რეგისტრირებულია. ვინაიდან მოთხოვნილი უფლება საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულია, დაინტერესებულ პირს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.'' - წერია საჯარო რეესტრის წერილებში, რომელიც მერიას გაუგზავნეს.

ჩვენს მიერ მოძიებული დოკუმენტებით დგინდება, რომ მაგალითად 3 მიწის ნაკვეთზე, დაინტერესებული პირები ითხოვდნენ მიწის გადაცემას მერის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

პარალელურად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 20 პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირეს, საერთო ჯამში 302 906 ლარის ღირებულების 44 396 მ2 ფართობის 10 მიწის ნაკვეთი.

გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა. მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები