ახალი ამბები
გორის საკრებულოს ქალ წევრს დაემუქრნენ - მუქარის ავტორი სავარაუდოდ პოლიციელია
,,ვის დედას ჩავაცვა შავები სიხარულო?' - ასეთი შინაარსის კომენტარი დაწერა პიროვნებამ, რომელიც სავარაუდოდ შს სამინისტროს რიგებში მსახურობს.

ეს პიროვნება, ფეისბუქის პროფილის მიხედვით, პოლიციელი რობი ღარიბაშვილია. შს სამინისტროს პრეს-სამსახური არ უარყოფს, რომ პიროვნება სახელითა და გვარით რობი ღარიბაშვილი ნამდვილად პოლიციელია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანზიაციის წევრები აცხადებენ, რომ შს სამინისტროს თანამშრომელი მკაცრად უნდა დაისაჯოს. რეაგირებისთვის გენერალურ ინსპექციას მიმართეს.

,,ეს პიროვნება რობიზონ ღარიბაშვილი პოლიციელია, იმის მაგივრად, რომ საზოგადოების სიმშვიდეზე ზრუნავდეს, სოციალურ ქსელში, სამუშაო საათებში, მითუმეტეს მუქარის შემცველ კომენტარებს წერს გორის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარის მოადგილის, ანი ბალიაშვილის მისამართით. ასეთი პოლიციელები ნამდვილად სახელს უფუჭებენ ერთ დროს საამაყო საქართველოს პოლიციას! კომენტარები წაშალა, თუმცა მოვასწარით შენახვა და შესაბამის სამსახურს ვაცნობებთ რეაგირებისთვის.'' - აცხადებს ენმ-ს რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი ბადრი ბასიშვილი.

რას მოჰყვა მუქარა?

რამდენიმე დღის წინ, ანუ ბალიაშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუქის გვერდიდან გაკეთებული სქრინები, სადაც ,,ქართული ოცნების'' რამდენიმე წევრის ფოტოებია გამოსახული.

ამ სქრინებზე ასახული პირები ამჟამად გერმანიაში, ემიგრაციაში იმყოფებიან. ანი ბალიაშვილმა სქრინების გამოქვეყნებისას აღნიშნა, რომ ემიგრაციაში წავიდნენ ,,ქართული ოცნების'' გორის ორგანიზაციის საკმაოდ აქტიური წევრები და იქვე დასვა რიტორიკული შეკითხვა იმის შესახებ, რიმ თუ საქართველოში კარგი ცხოვრებაა, რატომ მიდიან ხელისუფლების წარმომადგენლები სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად და სამუშაოდ?

ამ სქრინების გამოქვეყნებას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ფოტოებზე გამოსახული პირების ახლობლები წერდნენ, რომ კერძო პირთა ფოტოების გამოქვეყნების უფლება ანი ბალიაშვილს არ ჰქონდა. ამ დისკუსიაში აღმოჩნდა რობი ღარიბაშვილის სახელით მოქმედი პროფილი, რომელმაც პოსტის ავტორს, ამ შემთხვევაში ანი ბალიაშვილს მუქარის შემცველი ტექსტი დაუტოვა ფრაზით: ,,ვის დედას ჩავაცვა შავები სიხარულო?''

შს სამინისტროს პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, ახალს ვერაფერს გვეტყვიან, გარდა იმისა, რაც ბრიფინგზე მოვისმენთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები