ახალი ამბები
ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა გორში EU4Youth-ის პროექტები მოინახულეს
28 მარტს ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა ევროკომისიის (DG NEAR) და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის“, მოინახულეს.

სტუმრები ამ ახლახან დასრულებული პროექტის საქმიანობის შედეგებს გაეცნენ. ახალგაზრდა ევროპელი ელჩები შეხვდნენ პროექტის 40-მდე ბენეფიციარს და მათ თავიანთი ქსელის მიზნებზე და მასში გაერთიანების გზებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

„ჩვენ გორის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობასა და ამის შედეგად ჩვენი ქსელის გაფართოებას ვგეგმავთ“, — აღნიშნა გიორგი კაკულიამ, EU NEIGHBOURS east პროგრამის ქსელების კოორდინატორმა.

სტუმრებს ასევე უმასპინძლა გორის ინოვაციური ცოდნის ჰაბმა, რომელიც EU4Youth პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და არასამთავრობო ორგანიზაციის, „ბილიკის“ ბაზაზე ფუნქციონირებს.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ასევე ესტუმრნენ EU4Youth პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სამკერვალოს, „ლიდერი“. საწარმო სოციალურად დაუცველ ქალებს — მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირებს — უჭერს მხარს და მათ სამსახურის შოვნისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით ამარაგებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები