ახალი ამბები
საკრებულოში ადგილები გადანაწილდა - კენჭისყრის შედეგები
გორის საკრებულოში თანამდებობებზე ახალი პირების არჩევა დასრულდა.

იმპიჩმენტიდან ერთ თვის შემდეგ სკამები ასე გადანაწილდა.

საკრებულოს თავმჯდომარე - ილია მეტრეველი (,,ქართული პარტია"), მანამდე ,,ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელს პაპუნა კობერიძეს ეკავა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ზურაბ როსებაშვილი ( ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოსთვის) გახდა. ეს თანამდებობა ნინო ზურაბიშვილმა საკუთარი სურვილით დატოვა.

კომისიები:

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას დავით რაზმაძე (რესპუბლიკელები) დაუბრუნდა.

ქონების მართვის კომისია - პაპუნა კობერიძემ (ეროვნული ფორუმი) ჩაიბარა. მანამდე ზურაბ როსებაშვილს ეკავა.

ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომისია ზაზა მეზვრიშვილს (ლეიბორისტები) მიანდეს. მანამდე, ის ქონების მართვის კომისიას ხელმძღვანელობდა.

განათლების კომისიას მწერალი ვანო ჩხიკვაძე დაუბრუნდა.

2016 წლის 4 თებერვალს საკრებულოს 8 ოპოზიციონერმა იმპიჩმენტი თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და 4 კომისიის წევრს მოუწყეს.

რვიანში ,,ქართული პარტიისა" და ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები გაერთიანდნენ. გადამწყვეტი ხმა იოსებ ფალელაშვილს ეკავა, რომელმაც ფრაქცია ,,ქართული ოცნება" დატოვა.

იმპიჩმენტიდან ერთ კვირაში რვიანის წევრები საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ.

,,ქართულ პარტიას" ილია მეტრეველი სურდა, ხოლო ,,თავისუფალ დემოკრატებს" - სოსო ფალელაშვილი.

შეთანხმება ვერ შედგა და გაერთიანება დროებითი აღმოჩნდა.

საკრებულოში 15 წევრია.

დღეს, 2016 წლის 4 მარტს საკრებულოს თავმჯდომარის და დანარჩენი თანამდებობის პირები აირჩიეს.

,,ქართულმა პარტიამ", მათ შორის, კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრების დახმარებით, ილია მეტრეველის გამარჯვებას მიაღწია. იოსებ ფალელაშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები