ახალი ამბები
კასპში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ორი ოფისი ექნება
კასპში ენმ-ს ორი ოფისი ქნება. ერთს ლევან ხაბეიშვილის მომხრეები, ხოლო მეორე ძველ ოფისს ნიკა მელიას მხარდამჭერები დაიკავებენ.

ძველ ოფისი ამ ეტაპზე ავეჯის გარეშეა დარჩენილი, რადგან ნიკა მელიას მხარდამჭერებს ლევან ხაბეიშვილის მომხრეებმა ჩამოართვეს, როგორც ძველი, გამოუსადეგარი ნივთები.

ჩამორთმეულია მათ შორის, სამუშაო დაფა.

როგორც ცნობილია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციას წლების განმავლობაში ნუგზარ ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც პარტიაში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის მომხრეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, ნუგზარ ნონიაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ის ნიკა მელიას მხარდამჭერად ითვლებოდა და თავი აარიდა ლევან ხაბეიშვილის არჩევნებზე მონაწილეობის მიღებისგან.

ლევან ხაბეიშვილი ამჟამად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერია. მის მხარდამჭერად ითვლება შიდა ქართლის ორგანიზაცია ბადრი ბასიშვილის ხელმძღვანელობით.

ენმ-ს შიდა ქართლის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეალურად კასპში პარტია ხელახლა ყალიბდება, ორგანიზაცია განთავსდება ახალ ოფისში, რაც შეეხება ნივთებს, ის მოძველებული იყო და, ანი ბალიაშვილის თქმით, ჩამოწერეს.

რაც შეეხება ძველ ოფისს, იქ ნიკა მელიას მხარდამჭერები იქნებია. ამ მხარდამჭერებს შორისაა ალექსანდრე შაქარაშვილი, რომელიც ამავე დროს კასპის საკრებულოს წევრია ენმ-დან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები