ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონში გახმაურებული მკვლელობისთვის, ყოფილი "ვაგნერელი" დააკავეს
ცხინვალში შშმ პირის მკვლელობის ფაქტზე დააკავეს პირი, რომელიც ყოფილი ,,ვაგნერელია.

ამის შესახებ ვებ-პორტალი jam-news.net წერს.

როგორც ცნობილია, 17 აპრილის საღამოს ცხინვალის ცენტრში დანით მოკლეს ცნობილი ქალაქელი კაცი სოსლან ვალიევი, მეტსახელად ცუგრი.

ვალიევს დაბადებიდან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მას მთელი ქალაქი იცნობდა. საზოგადოება მომხდარში პრეზიდენტ ალან გაგლოევსა და მის ძმას ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვალიევი „საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“.

გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რადგან ეჭვი მიიტანა ადგილობრივ სამ მცხოვრებელში, რომლებსაც მანამდეც ჰქონდათ კანონთან პრობლემები.

ორი მათგანი იმავე ღამეს მივიდა, რათა ეღიარებინათ დანაშაული. მესამე ეჭვმიტანილი ძებნილთა სიაში იყო და მალევე დააკავეს – გეორგი სიუკაევი, რომელიც რუსეთში 2014 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის რუსეთში იძებნებოდა.

ტელეგრამის ზოგიერთი არხის მიხედვით, „სიუკაევი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ომიდან და იგი “ვაგნერში“ იბროდა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება და ეჭვმიტანილთა დაკითხვა გრძელდება და უწყება პირობას დებს, რომ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის „საგამოძიებო ღონისძიებების პირველი ეტაპის დასრულების შესახებ“.

ამასობაში ტელეგრამის არხებზე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გამოჩნდა, სადაც კარგად ჩანს სოსლან ვალიევზე თავდასხმის მომენტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები