ახალი ამბები
ხახეთის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ჯავის რაიონში
ჯავის რაიონში სამგლოვიარო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს მემორიალური დაფა, სადაც სხვა დაღუპულებთან ერთად, თავიანთი თანატოლების სახელებიცაა ამოტვიფრული.

სოფელ ხახეთში, 1991 წლის 29 აპრილს ტრაგედია მოხდა. 9-ბალიანი მიწისძვრის დროს მთის მასა ჩამოიშალა და ქვეშ სოფელი მოყვა.

სააგენტო ,,რესის'' ცნობით, შედეგად სოფელ ხახეთის 45 მკვიდრი დაიღუპა. ჯამში ჯავის რაიონში 56 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, რომლებიც მიწისძვრის დროს, შენობაში იმყოფებოდნენ.



"მე პირადად შევესწარი არ მოვლენებს, აქ ვიყავი - პანსიონის შენობასთან. ეს იყო მძიმე დრო. მაგრამ ჩვენი ხალხი ძლიერია და გაუძლო თუნდაც ასეთ გამოცდას", - განაცხადა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრმა კონსტანტინე ჯუსოევმა თავის გამოსვლაში.

დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას.



1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრა ,,რაჭის მიწისძვრითაა'' ცნობილი, რომლის ეპიცენტრი იყო თოფარასაბვის ქედის აღმოსავლეთით.

მიწისძვრის შემდეგ ჩამოიშალა კლდე, რომელმაც გადაკეტა მდ. ხახიათისწყლის ვიწრო ხეობა და წარმოქმნა 100 მ სიგანისა და 300 მ სიგრძის ტბა.

მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი მასის ქვეშ მოჰყვა 20-კომლიანი სოფელი 40 მცხოვრებით. მაგნიტუდა 7,0, ინტენსიურობა ეპიცენტრში - 9 ბალი.

მიწისძვრამ დიდი ნგრევა გამოიწვია რაჭის, იმერეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. დაინგრა და დაზიანდა დაახლოებით 25 000 საცხოვრებელი სახლი. უსახლკაროდ დარჩა 100 000-მდე კაცი. დაიღუპა - 200 ადამიანი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები