ახალი ამბები
გორის ერთ-ერთ სოფელში მოითხოვეს მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლება ვადაზე ადრე
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა მოსახლეობამ, მათ შორის, მოკლულის ძმამ თანხმობა განაცხადეს იმის თაობაზე, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულ ე.გ-ს ბოლო 1 წელი შინაპატიმრობაში გაეტარებინა.

ამის შესახებ შესაბამისი მასალები მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პენიტენციურ სამსახურს, შემდეგომ კი სასამართლოს გაუგზავნა.

მასალების მიხედვით, საქმე ეხება 2013 წელს მომხდარ მკვლელობაში მსჯავრდებულს,  - ე.გ-ს.

ე.გ-ს გასათავისუფლებად მოსახლეობამ საპროტესტო აქციაც კი გამართა. მოსახლეობა აცხადებდა, რომ მსჯავრდებულმა თავი დაიცვა, ხოლო მოკლული იყო ის პიროვნება, რომელმაც ბავშვობაში ე.გ-ს ოჯახი დააყაჩაღა.

პროკურატურის ბრალდების მიხედვით, მამაკაცმა თანასოფლელს 37 ჭრილობა მიაყენა. სასამართლომ ამისათვის 10-წლიანი პატიმრობა 2014 წელს მიუსაჯა.

9 წლის შემდეგ, ე.გ-ს შინაპატიმრობის საქმე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოზე განიხილეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებულის ადვოკატმა პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ადრე ნასამართლობისა და სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სასჯელის ქონის მოტივით.

,,საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნოტარიულად დამოწმებული პოზიცია პრეტენზიის არქონასთან დაკავშირებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში ჩართული იყო ეკლესიის მშენებლობის პროცესში, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ე.გ-ის მიერ პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობა. მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი იყო დისციპლინური წესით და ნასამართლობის მქონეა. საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე, ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.'' - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები