ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მეჯვრისხეველი გიორგი ტერაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა
,,დიდ მადლობას ვუხდი ჩემ გათავისუფლებაში საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო პარტნიორებს'' - განაცხადა გიორგი ტერაშვილმა, რომელიც დღეს, ერგნეთის საგუშაგოზე საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს.

,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.'' - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, გიორგი ტერაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

,,საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

35 წლის გიორგი ტერაშვილი 11 მაისს დააკავეს. ის, ორ თანასოფლელთან ერთად, საქონელს აბალახებდა. საქონელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, ხოლო, როგორც თავადაც ამბობს, მათ დაბრუნებას შეეცადა.

სწორედ ამ დროს, ოთხმა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც რუსეთის საოკუპაძიო ძალებში მსახურობენ, გიორგი ტერაშვილი დააკავა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები