ახალი ამბები
გორის ქარმა 2300-ლარიანი დროშა დააზიანა
ძლიერმა ქარმა, რომელსაც წვიმა ახლდა, გორის მთავარი დროშა დააზიანა.

დამოუკიდებლობის დღეს აღმართული სიმბოლო 27 მაისს დაზიანდა, დღეს 30 მაისს უკვე გამოცვალეს.

კომპანია ,,გლობალ სტანდარტმშენის'' წარმომადგენლის დავით ნოზაძის თქმით, დროშა თურქეთში სტანდარტული მოთხოვნის შესაბამისად, დაამზადებინეს და იქიდან ჩამოიტანეს.

დავით ნოზაძის განმარტებით, ამ მასშტაბის დროშას საქართველოში არ ამზადებენ.

,,ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დროშა დაზიანდა და ვეცდებით ხარვეზი გამოვასწოროთ. გავუგზავნით მოთხოვნას ქარხანაში, რომ თუ შესაძლებელი იქნება, უფრო დიდი გამძლეობის დროშა დაამზადოს. საქართველოში ასეთი მასშტაბის დროშებს არ ამზადებენ. საგარანტიო პერიოდში რამდენჯერაც დაზიანდება დროშა, იმდენჯერ გამოვცლით'' - გვითხრეს კომპანიაში.

ხელშეკრულებას კომპანიასთან გორის მერის პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი აწერს ხელს. კონტროლი მას ევალება.

ამავე ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც გორის მერიასა და კომპანია ,,სტამდარტმშენს შორის'' აპრილში გაფორმდა, აღნიშნულია, რომ დროშის შეძენა 2300 ლარი დაჯდება. მთლიანად, ობიექტის დამონტაჟება კი 59 000 ლარი.

ობიექტი მერიამ 2023 წლის ივლისში უნდა ჩაიბაროს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები