ახალი ამბები
გორის სოფელ შინდისში საბავშვო ბაღიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პედაგოგს 7200 ლარს აუნაზღაურებენ
უზენაესმა სასამართლომ დაადგინდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, პედაგოგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. ამისათვის გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება 7200 ლარს გადაუხდის. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

აღმზრდელი იყო პოლიტიკური ორგანიზაცია ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის'' წევრი.

გათავისუფლებული პედაგოგი სასამართლოსგან მოითხოვდა დისკრიმინაციული ფაქტის დადგენასაც. კერძოდ, მისი განცხადებით, დამსაქმებელმა მოახდინა მისი პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილების გამო დისკრიმინაცია, რაც გამოიხატებოდა ერთი და იმავე პოზიციაზე მომუშავე დასაქმებულებიდან კონკრეტულად მის გამორჩევაზე.

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების ბრძანება და მის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 7200 ლარის ოდენობით,. იმავე გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

საბავშვო ბაღების გაერთიანების იურისტის პოზიციით, ნ.ბ–ძეს განემარტა, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოხდა სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა. რის მიხედვითაც, ნ.ბ–ძე ვერ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამიტომ, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;

- ნ.ბ–ძე არის პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" გორის რაიონული ორგანიზაციის წევრი. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებში იგი იყო სოფელში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი.

,,სასამართლო მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის მიერ მოსარჩელის სამსახურიდან კანონიერი საფუძვლის გარეშე გათავისუფლებ არ შეიძლება ჩაითვალოს დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის პოლიტიკური პარტიის წევრი, სხვა გარემოებების არარსებობის პირობებში, არ ქმნის დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაძლია მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სათანადო არგუმენტებით და მტკიცებულებებით დადასტურება, რაც მართებულად გახდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამორიცხავს არაქონებრივი ზიანის არსებობას'' - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები