ახალი ამბები
გორში ძველი ცირკის ფორმის რესტორანი შენდება
სასტუმრო "გორი ინნ“-ი მიმდებარედ რსტორანი შენდება. სასტუმროს წარმომადგენლები მას სადღესასწაულო სივრცეს უწოდებენ.

ახალი რესტორნის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 2023 წლის იანვარში გავრცელდა. ,,ბიზნესმედიასთან'' საუბრის დროს, “Inn ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განმარტა, რომ ამისთვის სპეციალური კარავი შეიძინეს, რომელიც 1996 წლამდე, გორში არსებული ცირკის შენობის ფორმისაა. სივრცე 600 კვ.მ.-ს მოიცავს და 500 ადამიანზეა გათვლილი.

"იმ ადგილას, სადაც „გორი ინნ“-ი მდებარეობს, იყო ცირკის შენობა, რომელიც წლების წინ დაიწვა, ამიტომ სიმბოლურად სწორედ ამ ფორმის კარავი შევიძინეთ. ამ დროისთვის უკვე დასრულდა რკინა-ბეტონის დასხმა და მიმდინარეობს იატაკის დაგება. ვაპირებთ მოვაწყოთ სადღესასწაულო სივრცე, რომელიც უმასპინძლებს კორპორატიულ საღამოებს, ქორწილებს, საბანკეტო და სხვა სახის წვეულებებს. „გორი ინნ“-ის ოფიციალურ საზეიმო გახსნასაც ამ სივრცეში ვგეგმავთ",-აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.

250 ადამიანისთვის გათვლილი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გარდა, „გორი ინნ“-ი მომხმარებელს სხვა სივრცეებსაც სთავაზობს, რომელთა ნაწილი უკვე გახსნილია. Inn ჯგუფის ინფორმაციით, 20 მლნ - იანი ინვესტიცია აღნიშნული ობიექტისთვის კიდევ გაიზრდება, რომლის თანადაფინანსების წილი "აწარმოე საქართველოსაც" ეკუთვნის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები