ახალი ამბები
,,მე რომ სოფელში დავრჩენილიყავი, შესაძლოა, უფრო რთული გზა გამევლო'' - ნიკოლოზ ჯაბახიძე


ნიკოლოზ ჯაბახიძე 19 წლისაა. დაიბადა სოფელ მეჯვრისხევში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მისი ოჯახი საცხოვრებლად გორში გადავიდა.

ამჟამად, სტუდენტია და სოფელში პერიოდულად ჩადის. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერ ჩადის სოფელში, მაინც უყვარს, რადგან ამ სოფლის მიმართ მშობლიური განცდა აქვს.

ნიკოლოზი გორის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელია. ამ ჯგუფის წევრები ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტების ავტორები არიან. სოფელში როცა ჩადის, ხვდება, რომ ახალგაზრდებისთვის კვლავ ბევრად მეტი შესაძლებლობაა ქალაქში, ვიდრე სოფელში.

ახალგაზრდული პროექტების განხორციელების დროს, ხშირად უწევს ურთიერთობა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლიდან ჩასული მოსწავლეებთან და სტუდენტებთან:



,,ერთი შეხედვით არ ეტყობა ხოლმე, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლიდან არიან, თუმცა როცა რაღაცა აქტივობა გვაქვს, რაღაცა პროექტი გვაქვს, იმ დროს ვაწყდებით ხოლმე ამ პრობლემას, რომ ამ ახალგაზრდებს უჭირთ ჩართვა. მეჯვრისხევში ნაკლებად, თუმცა სხვა სოფლებში შევხვედრივართ, რაღაც დამოკიდებულებებს პროექტების მიმართ, თუნდაც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობის მიმართ და ეს პრობლემა არის ხოლმე ..““ - ამბობს ნიკოლოზი.

ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობაც სწორედ იმას უკავშირდება, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს არაფორმალურ განათლებაში, განსაკუთრებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან:

,,ასე შორიდან რომ შევხედოთ, ზოგადად, არ ეტყობა, მაგრამ სადღაც სიღრმეებში რომ ჩავიდეთ, რაღაც ყველას აქვს უკან ისეთი ფონი, რომ არის ოჯახის, თუნდაც სკოლის გავლენა; ჩართულობის კუთხით თითქოს თავს იკავებენ. გარდა ამისა რთულია სოფლიდან იყო ისე აქტიური, როგორც ქალაქში, იმიტომ, რომ ძირითადად აქტივობები ქალაქში ტარდება და ესეც იმიტომ, რომ მეტი შესაძლებლობაა ქალაქში, ვიდრე სოფლებში.“ - ამბობს ნიკოლოზი.

ნიკოლოზი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს ქალაქის თუ სხვა სოფლების თანატოლებთან ურთიერთობა უჭირთ, თუნდაც ტრანსპორტის გამო:



,,ტრანსპორტის საკითხი მართალია მეჯვრისხევში მეტნაკლებად მოწესრიგებულია, თუმცა საღამოს საათებში თუ გინდა რომ მეგობრებთან ერთად დარჩე, გაერთო ან რაღაც თუნდაც საგანმანათლებლო აქტივობას დაესწრო, გიწევს, რომ ტაქსით წამოხვიდე ან იქ დარჩე ვინმესთან.“

წორედ ამ საუბრის დროს ნიკოლოზი გვიყვება, რომ გორის ახალგაზრდული ცენტრის მიზანიც ის არის, რომ ასეთ ახალგაზრდებს შეუქმნან ის შესაძლებლობები, რაც სხვაგან ახალგაზრდებს აქვთ:

,,წეღან ვთქვი, რომ სოფელში რომ დავრჩენილიყავი, შეიძლება ისევ ამ ადგილას ვყოფილიყავი, თუმცა ბევრად რთული გზა გამევლო, ჩვენ გვინდა, რომ ეგ გზა გავუმარტივოთ, როგორც ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არის ეს გზა მარტივი.“ - გვიყვება ნიკოლოზი.




გორის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ახალგაზრდულ კაფე ,,სფეისში“ იყვნენ შეკრებილები. აქ იყო მედეა პავლიაშვილიც, რომელიც ამ ორგანიზაციის სულისჩამდგმელია . ნიკოლოზი ამბობს, რომ როდესაც მედეა გაიცნო სხვა მეგობრებთან ერთად, გადაწყვიტეს, რომ თავიანთი საქმიანობისთვის ინსტიტუციური სახე მიეცათ და ორგანიზაცია დაეუფუძნებინათ.

,,თავიდან ჩართლები ვიყავით სხვადასხვა აქტივობებში. მონაწილეობას ვიღებთ გარემოსდაცვით საკითხებზე. მედეას ქონდა იდეა გორის ახალგაზრდული ცენტრის დაარსების, იმიტომ რომ თუ ამ საქმეს ვაკეთებთ, რატომ არ შიძლება უფრო მეტი გავაკეთოთ? რატომ არ შეიძლება ჩენს რეგიონში გავაკეთოთ? დავიწყეთ მუშაობა ამ იდეაზე და ერთი წლის წინ, 2022 წელს უკვე დავაარსეთ გორის ახალგაზრდული ცენტრი და უკვე ოფიციალურად შევუდექით ამ საქმიანობას.“ - იხსენებს ჩვენი გმირი.

ორგანიზაციის წევრებს ამ ეტაპზე საკუთარი სივრცე არა აქვთ. ეხმარებიან სხვადასხვა მეგობარი ორგანიზაციები სივრცით:

,,მაგრამ აი ასე ძირითადად ჩვენ ჩვენს სამუშაო გარემოში, სადაც მუდმივად შეგვეძლება ყოველდღიურად შევიკრიბოთ, ვიმუშაოთ ან დავგეგმოთ ან განვახორციელოთ უკვე დაგეგმილი, ასეთი სივრცე არ გვაქვს. დამოუკიდებლები ვართ. რაღაც კონკრეტულ წყაროზე არ ვართ მიბმული, თუმცა გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომლის საშუალებითაც ვცდილობთ, რომ საქმე ვაკეთოთ, თუნდაც მოხალისეობაზე. მესმის და ვიცი, რომ ეს ყოველთვის ასე შეუძლებელი არის, ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი პროექტი გვქონდეს სხვადასხვა თუნდაც ადგილობრივი, თუნდაც საერთაშორისო. .“ - ამბობს ნიკოლოზი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები