ახალი ამბები
გორის მერი კილიკის-ჯვრის აღდგენას კიდევ ერთხელ ცდის
გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სოფელ მღებრიანში მდებარე კილიკის-ჯვრის (კლიკიჯვარი) აღდგენის თაობაზე მზადყოფნას კიდევ ერთხელ გამოთქვამს.

იგი ეძებს საპროექტო ორგანიზაციას, რომელიც ეკლესიის აღსადგენად მუშა პროექტს შეადგენს. მუშა პროექტის შესადგენად 15 000 ლარი გამოყო. საპროექტო ორგანიზაციამ მუშა პროექტი უნდა შეადგინოს იმდაგვარად, რომ ეკლესიის აღდგენას მაქსიმუმ 250 000 ლარი დასჭირდეს.

ანალოგიური მოთხოვნა გორის მერიას გასულ, 2022 წელს ჰქონდა. ამის სურვილი ააიპ ,,ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრმა'' გამოთქვა, თუმცა მისი მონაცემები დაიწუნეს.

საპროექტო ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ მას ისტორიული ძეგლების სარესტავრაციო სამუშაოების ირგვლივ პროექტების შედგენის სათანადო გამოცდილება ჰქონდა, კერძოდ, მათ მიერ შედგენილია გორში, ერეკლეს აბანოს აღდგენის პროექტი, ასევე სოფელ სკრის სიახლოვეს, ბნელეთის ეკლესიის აღდგენის პროექტი, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

კილიკის-ჯვარი მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის ცნობებში, როგორც თეძმის ხეობის სოფელი. გადმოცემის მიხედვით, ეკლესიის ტერიტორიაზე, ოსმალთ ბატონობის პერიოდში, ტყვეთა ბაზრობა იმართებოდა. აქ ვაჭრები სამხრეთ საქართველოდან - სამცხე-საათაბაგოდან ჩამოდიოდნენ. ტყვეთა ბაზრის ადგილას დღეს მხოლოდ ქვების დიდი გროვაა დარჩენილი.

ფოტო: ანი ბირთველიშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები