ახალი ამბები
ხაშურში დაიდგმება დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი, რომლის ანალოგი თბილისის საკრებულოშია
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ბიუსტში 30 000 ლარს გადაიხდის. უწყებამ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს თხოვნით, რომ მერიას მიეცეს უფლება, პირდაპირი შესყიდვის წესით, ხელშეკრულება გააფორმოს მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძესთან.

აღსანიშნავია, რომ ბიუსტის ზუსტი ანალოგი, რომლის დადგმასაც ხაშურის მერია ქალაქის ცენტრში გეგმავს, თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში უკვე დგას.

"გიორგი ჭანკოტაძეს ექსკლუზიურად აქვს შექმნილი დიმიტრი ყიფიანის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია - ბიუსტი, რომელიც განთავსებულია თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში და მას ანალოგი არ გააჩნია, რაც დასტურდება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის გაცემული ცნობით. პროექტის ავტორი იღებს ვალდებულებას ბრინჯაოს მასალით დაამზადოს ანალოგიური ბიუსტი და დაამონტაჟოს ქალაქ ხაშურში დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში", - აღნიშნულია წერილში, რომელიც ხაშურის მერიამ შესყიდვების სააგენტოს მისწერა.

აღსანიშნავია, რომ ხაშურში დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს ქალაქის ცენტრში არსებული სკვერი, ქვიშხეთის საჯარო სკოლა და საპატრიარქოს სკოლა-პანსიონი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები