ახალი ამბები
სოფლისთვის თავდადებული გამგებლის წყარო აღადგინეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, კვერნაკის ქედის იმ ნაწილში, რომელსაც ,,საპატარას'' უწოდებენ, მინდორში მომუშავე ხალხისთვის, ასევე მესაქონლეებისთვის 40 წლის წინ წყარო გააკეთეს.

სახნავ-სათიბი ტერიტორია სოფელ უფლისციხიდან და ქვახვრელიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ამიტომ მინდვრად სამუშაოდ წასული ადამიანებისთვის წყაროს ცივი წყალი გაიყვანეს.



ამ საქმეს მაშინდელი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, 33-წლის იასონ გაბინაშვილი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად სოფლის მცხოვრებლებმა ,,იასონას წყარო'' უწოდეს.

იასონ გაბინაშვილი, რომელიც სოფლის ხელმძღვანელად ახალი დანიშნული იყო, 1985 წლის შემოდგომით, ვენახის ქურდებმა მოკლეს ვენახშივე ბრიგადირთან, თანატოლ ზაქარია ჯანეზაშვილთან ერთად. მან სოფელ ქვახვრელის ვენახებში ყურძნის ქურდების ორგანიზებულ ჯგუფს, რამდენიმე ბრიგადირთან ერთად, ფაქტზე წაასწრო.



იასონ გაბინაშვილი და მიწათმომწყობი ზაქარია ჯანეზაშვილი ადგილზე მოკლეს. დანარჩენებმა მძიმე ჭრილობები მიიღეს. ამ ფაქტმა არა მარტო მაშინდელი საქართველოს, არამედ მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა. აშკარაა იყო, რომ სახელმწიფო ქონებებს ორგანიზებული ჯგუფები ეპატრონებოდნენ.

რაც შეეხება წყაროს აღდგენის იდეას, ამჟამად, სამუშაოები სოფლის ამჟამინდელი წარმომადგენელი საკრებულოში, ახალგაზრდა დავით ადუაშვილის ორგანიზებით მიმდინარეობს.

,,მთელი სოფელი ჩართულია წყაროს აღდგენაში, როგორც ფინანსურად, ისე მუშა ხელით, მოგვეხმარა გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ტრაქტორით და წყალი დავაბრუნეთ თავის კალაპოტში.'' - აცხადებს დავით ადუაშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები