ახალი ამბები
ხალების ხიდით მოსახლეობა თვითნებურად სარგებლობს - აცხადებენ ხაშურის მერიაში
ხაშურის სოფელ ხალებთან დამაკავშირებელი ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და მისი გამოყენება აკრძალულია.

ხაშურის მერიის ცნობით, მოსახლეობა თვითნებურად იღებს ყველა ამკრძალავ ნიშანსა და ბარიერს და დაზიანებული ხიდით სარგებლობს. გეოლოგების დასკვნაში კი წერია, რომ მარცხენა სანაპიროზე ინტენსიური წყალმოვარდნების შედეგად, 20-25 მეტრიან ზოლში ბურჯის გარშემო დანგრეულია და ნაწილობრივ წაღებულია ბეტონის ფილები.

ხაშურის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სოფლის მაცხოვრებლებს შეუძლიათ ისარგებლონ თაგვეთისა და ხცისის მხრიდან შემოვლითი გზებით.

"უფრო მძიმე მდგომარეობაა მარჯვენა ბურჯის გარშემო. თითქმის მთლიანადაა მორეცხილი ხიდზე ასასვლელი ყრილი, ხოლო დასავლური მიმართულებით არსებული ნაპირი 10მ სიგანის ზოლში მთლიანად წაღებულია. ბურჯის ძირი სანახევროდ გამორეცხილია და მისი მწყობრიდან გამოსვლა მხოლოდ დროის საკითხია.
ივნისის თვე გამოირჩევა ნალექების სიუხვით, რაც შესაბამისად იმოქმედებს მდინარეში წყლის დონის მომატებაზე. შედეგად, შეიძლება ბურჯს წყალმა მარჯვემა მხრიდანაც შემოუაროს და იგი მთლიანად უსარგებლო გახადოს". - წერია გეოლოგების დასკვნაში.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ Qარტლი.გე - სთან საუბრისას აღნიშნა ახალი ხიდის ასაშენებლად ამ ეტაპზე თანხა გამოყოფილი არ არის.

"იმისათვის, რომ სოფელ ხალებთან დამაკავშირებელი ახალი ხიდი აშენდეს, საჭიროა გაკეთდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები და შეიქმნას ახალი პროექტი, რაც დროში გაიწელება. ამ ეტაპზე ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხა გამოყოფილი არ არის, თუმცა ახალი ხიდის აშენება გეგმაშია. არსებული ხიდი ძველი აშენებულია და აღდგენას არ ექვემდებარება"- ამბობს მერიის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო სუხიაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები