ახალი ამბები
სათერძეში სასულიერო პირს უარი უთხრეს იმ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, სადაც ბერების საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
დისევიდან დევნილი მერაბ ოქროპირიძე ითხოვს იმ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სათერძეში (ძამის ხეობა) მდებარეობს.

აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, დაახლოებით 1429 კვ.მ, შენდება ბერების საცხოვრებელი კომპლექსი.

მერაბ ოქროპირიძემ საჯარო რეესტრს ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომით მიმართა. საჯარო რეესტრმა აცნობა, რომ არ არის წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციის მიხედვით, არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.

,,დაინტერესებული პირს განემარტოს, რომ წარმოდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას მოძიებულ დოკუმენტაციას განიხილავს სააგენტო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.'' - აღნიშნულია საჯარო რეესტრის განცხადებაში.

მასალების მოძიების პროცესში, საჯარო რეესტრმა 2021 წლის ნოემბერს მიმართა ქარელის მერიას, რადგან ჩათვალა, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის მფლობელად აღიარების ან არაღიარების გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტს ეკუთვნის:

,,მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოცემული მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო, ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად. საკითხის განხილვის მიზნით, გეგზავნებათ, როგორც დაინტერესებული პირის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს მოძიებული დოკუმენტაცია, ასევე საკადასტრო ბლოკის საზღვრების ამსახველი სიტუაციური ნახაზი, რომელშიც მდებარეობს სარეგისტრაციო უძრავი ნივთი და ამ უძრავი ნივთის მომიჯნავე და არამომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებისა და მათი საკონტაქტო მონაცემების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია.'' - აღნიშნულია ქარელის მერიისადმი გაგზავნილ წერილში:

,,გთხოვთ განიხილოთ,'' - მიმართავს საჯარო რეესტრი ქარელის მერიას - ,,სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნებს, შესაბამისად, წარმოადგენს თუ არა მერაბ ოქროპირიძის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს და გასცეთ ცნობა ან მიიღოთ ცნობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვტილება.'' - წერია საჯარო რეესრტრის მიმართვაში.




ქარელის მერიამ, საჯარო რეესტრიდან მიღებული წერილის საფუძველზე, 2021 წლის 30 ნოემბერს მიმართა ქონების ეროვნულ სააგენტოს, საიდანაც 2022 წელს შემდეგი შინაარსის პასუხი მიიღო:

,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შემოსული თქვენი 30.11.21წ.  წერილის პასუხად, გაცნობებთ, რომ არსებულ მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არის გაცემული, შესაბამისად, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს "მუნიციპალიტეტის მიერ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემის შესახებ სარეკომენდაციო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებული თანხმობა.'' - წერია ქონების ეროვნული სააგენტოს წერილში.

ქარელის მერიამ საჯარო რეესტრის თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად გამოიყენა ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი და გაუგზავნა საჯარო რეესტრს. ამჟამად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო წარმოება ჯერ დასრულებულად არ ითვლება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები