ახალი ამბები
გორში ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია მწვავე დისკურიის ფონზე წარიმართა


,,მე საბჭოთა ბავშვობა მქონდა და ამას ვერ ავცდებოდი. შემდეგ იყო ძალიან კარგი პერიოდი, 1991 წლის, ელცინის პერიოდი, დემოკრატიული, ნამდვილად კარგი პერიოდი იყო'' - განაცხადა შოთა შალელაშვილმა გორში შეხვედრის დროს, როდესაც ახალი პოლიტიკური მოძრაობა ,,თაობები საქართველოსთვის'' პრეზენტაცია გამართა.

მის სიტყვას დარბაზში მოძრაობა ,,მაროს'' წარმომადგენლის, თეონა ფანქველაშვილის მხრიდან რეპლიკა მოყვა: - ,,რას ამბობთ? ელცინის პერიოდი იყო, რომელმაც წაგვართვა აფხაზეთი''.

თეონა ფანქველაშვილი იყო პირველი, რომელმაც შეხვედრის დროს, შოთა შალელაშვილს კითხვა დაუსვა, თუ როგორ აპირებდა პრორუსული ,,ქართული ოცნების'' დამარცხებას.

აფხაზეთის ომში რუსეთის მონაწილეობის თემამ საკმაოდ დაძაბული დისკუსია გამოიწვია.

,,მთავარი ფიგურანტი იყო რუსეთი'' - უთხრა გორის თეატრის მსახიობმა კახა ბერიძემ მოძრაობის ლიდერს:

,,ამის ერთპიროვნულად თქმა არ შეიძლება. მათ უშუალოდ არ მიუღიათ მონაწილეობა. მე ვფიქრობ ჩრდილოეთ კავკასია და რუსეთი უნდა გავმიჯნოთ'' - უპასუხა შოთა შალელაშვილმა.

ამ კომენტარის შემდეგ შეხვედრა სამოქალაქო აქტივისტმა თეონა ფანქველაშვილმა დატოვა:

,,მე 7 წლის ვიყავი, როდესაც რუსეთის ჯარმა ჩემ თვალწინ ჩემი მეზობელი მოკლა. ახლა მეუბნებით იმას, რომ აფხაზეთი რუსეთს არ წაურთმევია. მე ვტოვებ ამ შეხვედრას'' - თეონა ფანქველაშვილი.



შეხვედრაზე შალელაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, 2012 წელს, კოალიცია ჩამოაყალიბა ისეთ წევრებთან, რომლებმაც შემდეგ გაყიდეს ბიძინა ივანიშვილი. ასეთად, მან დაასახელა ირაკლი ალასანია. ეს ფრაზა კი დარბაზში მყოფმა თამარ თედლიაშვილმა გააპროტესტა, რომელიც ირაკლი ალასანიას წარმომადგენელი იყო გორში, იმ პერიოდში.

დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო იმ შეხვედრაზე, რომელიც ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია მიმდინარეობდა.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, "თაობები საქართველოსთვის" არის განსხვავებული, თავისუფალი პარტია, რომლის თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია თაობების ერთობა,თაობათა გაერთიანებაა.

პარტიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ:

"თაობები საქართველოსთვის" არის სახალხო პარტია, პარტია, რომელშიც ყველას აზრი საინტერესო, განსახილველი და მისაღებია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პარტიაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოკავშირე ქართული საზოგადოებაა და სწორედ საზოგადოებასთან ერთად გეგმავენ სამოქმედო გეგმისა და პროგრამის შემუშავებას. " ჩვენი მოკავშირე, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხია, ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის და ასეთი შეხვედრების მიზანიც ესაა. ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს, ადამიანებს, რომლებთანაც გვაქვს საერთო ღირებულებები, შეხედულებები და დამოკიდებულებები, რიგ საკითხებთან მიმართებით. პარტიის ყრილობაზე, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ავირჩიეთ და ეს მოხდა გამიზნულად, რადგან ჩვენ თანამოაზრეებს ვეძებთ ყველგან, ყველა ქალაქსა თუ სოფელში. აქვე, იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ აქტიურად შემოგვიერთდებიან თანამემამულეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან."

როგორც პარტიაში აცხადებენ, მომდევნო შეხვედრა 15 ივნისს, ქ. თელავში გაიმართება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები