ახალი ამბები
გორის მე-7 და მე-18 საბავშვო ბაღები გაერთიანდება
გორში მე-7 და მე-18 საბავშვო ბაღების გაერთიანება იგეგმება. ამის შესახებ ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ვახტანგ გიუნაშვილმა Qartli.ge - ს განუცხადა.

ჯორბენაძის ქუჩაზე მდებარე მე-7 სააღმზრდელო დაწესებულებაში უკვე დიდი ხანია აღსაზრდელები არასათანადო პირობებში არიან. შენობას არ აქვს გათბობა და ბავშვები ისევ შეშის ღუმელით თბებიან.

როგორც გიუნაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საბავშვო ბაღი ნაქირავებ შენობაშია და სააგენტოს უფლება არ აქვს სხვის საკუთრებაში სარემონტო სამუშაოები ჩაატაროს.

"დაგეგმილია წმინდაწყლის ტერიტორიაზე ფართის მოძიება და ახალი საბავშვო ბაღის აშენება, სადაც გაერთიანდება მე-7 და მე-18 საბავშვო ბაღები. ეს პროექტი დაიგეგმა პრემიერის ახალი ინიციატივის ფარგლებში. იმის გამო, რომ ორივე საბავშვო ბაღი არის ნაქირავებ შენობაში, კანონით სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლება არ გვაქვს. ამიტომ ვერ ვაკეთებდით მე-7 ბაღში გათბობას."-აღნიშნა ვახტანგ გიუნაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს, შიდა ქართლის მხარეში 24 ახალი საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს და 3 სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს.

გორის მუნიციპალიტეტში აშენდება სოფელ ვარიანის, შავშების, ფლავის და ზერტის საბავშო ბაღები.

კასპის მუნიციპალიტეტში აშენდება სოფელ ფერმის, ოკამის, ლამისყანის, მეტეხის, ახალციხის, ქვემოგომის, თვლადის და ახალქალაქის N 1 სააღმრდელო დაწესებულებები.

ქარელის მუნიციპალიტეტში, ქ.ქარელის, ქვემო ხვედურეთის, მოხისის, რუისის N1, ურბნისის, აბანოს, ქვენატკოცის, ბრეთის, წვერის და დვანის საბავშვო ბაღები აშენდება.

ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ცხრამუხასა და სურამს ექნება ახალი სააღმზრდელო დაწესებულებები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები