ახალი ამბები
მოპარული ტელეფონების გასაღების ფაქტზე ხაშურის სასამართლომ ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით წინასწარი შეცნობითა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა/გასაღების ფაქტზე, მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღმოჩნდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ სავაჭრო დაწესებულებას მოპარული ტელეფონი გაყიდვის მიზნით ჩააბარა.

ფაქტი პოლიციას აცნობეს, რის შედეგად რამდენიმე პირი, მათ შორის, არასრულწლოვნები დააკავეს. დაკავებულებს შორის აღმოჩნდა პირი, რომელმაც მოპარული ტელეფონი მაღაზიაში მიიტანა.

მოპარული ტელეფონი აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ დაახლოებით 30 ცალი ტელეფონისა, რომელიც საქართველოს სხვა ქალაქში, მობილური მაღაზიების ქსელიდან დაიკარგა.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ტელეფონის გასაღების ფაქტზე პირს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ ვერ დაამტკიცა ის ფაქტი, რომ აღნიშნული პიროვნება დაახლოებით 30 ცალი მობილური ტელეფონის ქურდობაში უშუალოდ მონაწილეობდა.

პოლიციამ დაკარგული 30 ტელეფონიდან 7 ცალი ტელეფონი მიწაში ჩაფლული იპოვა. დანარჩენის ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე უცნობია.

კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა ძაღლის საშუალებით სუნის ნიმუში აიღეს. მობილურ ტელეფონზე დაფიქსირებული სუნი იდენტური აღმოჩნდა ბრალდებულის ბიოლოგიური ნიმუშისა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ეს გარემოება არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებული ქურდობაში მონაწილეობდა.

ქურდობის შედეგად მაღაზიის მფლობელს დაახლოებით 28 ათასი ლარის ზიანი მიადგა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სათვალთვალო კამერაზე აღბეჭდილი გამოსახულებით, ვერ დგინდება იმ პირთა ვინაობაც, რომლებიც ქურდობაში მონაწილეობდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები