ახალი ამბები
კომპანიას, რომელმაც კასპის ტენდერში გაიმარჯვა, ფინანსური პრობლემები შეექმნა
კასპის მერიის წყალმომარაგების სამსახურს კომპანია ,,ონტენდმა'' აცნობა, რომ იმ სამშენებლო მასალებს ვერ მიაწვდის, რომელიც სოფლად წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, 2023 წლის განმავლობაში უნდა მიეწოდებინა.

ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა ირინა ორკადაშვილმა წყალმომარაგების სამსახურს მისწერა. როგორც ორკადაშვილი აღნიშნავს, კომპანიას ფინანსური პრობლემები სახელმწიფო ორგანიზაციებმა შეუქმნა:

,,გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ ჩვენს მიმართ არსებული დავალიანების გამო ჩვენი კომპანია დადგა ფინანსური კრიზისის წინაშე, შესაბამისად ვერ მოვახდენთ ხელშეკრულების შესრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე ცალმხრივად ვწყვეტ ჩვენ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და იმოქმედოთ ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისდ'', - აღნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელი.

კასპის წყალმომარაგების სამსახურის უფროსი, ზურაბ ბახტურიძე ამბობს, რომ მათ სამსახურს ახალი ტენდერის გამოცხადდება დასჭირდათ. მისი განმარტებით, სოფლის წყალმომარაგების პროექტების განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება.

რაც შეეხება სახელმწიფო ორგანიზაციებისგან დაზარალებულ კომპანიას, შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, კერძოდ მისი ხელმძღვანელის სატელეფონო ნომერი გამორთულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები