ახალი ამბები
ბოშურში ხევის წყალი ადიდდა და მოსახლეობა დააზარალა
ხევიდან მოვარდნილმა წყალმა და ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძიც.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობასა და საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება. დატბორილია სავარგულები და სატრანსპორტო გზის ნაწილი.

მერის წარმომადგენელი ჯუმბერ გიგაური ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობის ნაწილს წყალი ეზოებში შეუვარდა.

"რამდენიმე მოქალაქეს ეზოში შეუვარდა წყალი, ტექნიკა მუშაობს, ნარგავ-ნათესებს რაც შეეხება აქეთ ძირითადად ლობიო და სიმინდი ჰქონდათ დათესილი, გარდა ამისა, საფეხმავლო ხიდები წაიღო წყალმა, რაც მნიშვნელოვანი ხიდი იყო, ის არ დაზიანებულა, ამ ეტაპზე მდგომარეობა არის სტაბილური და დილიდან გააგრძელებს ტექნიკა მუშაობას", - ამბობს ჯუმბერ გიგაური.

ადგილზე უკვე იმყოფებიან ენერგო პროს წარმომადგენლებიც. მობილიზებულია სპეცტექნიკა და ადგილზე სამუშაოების დაწყება წყლის დონის დაწევის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით კი, ნალექიანი ამინდი გორის მუნიციპალიტეტში მომავალი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები