ახალი ამბები
NCDC-ის ცნობით, ,,ევექსების ჰოსპიტლებმა'' ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი არასრულყოფილად ჩაატარეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბავშვებში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი, ,,ევექსების ჰოსპიტლებმა'' არასრულყოფილად ჩაატარეს.

ამის შესახებ ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა და მოითხოვა ,,ევექსების ჰოსპიტლების'' შავ სიაში შეყვანა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი თავის საჩივარში აღნიშნავს, ,,ევექსების ჰოსპიტლებს'' უნდა გაეწია ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 737 094,5 ლარი.

,,ევექსების ჰოსპიტლებმა'' 597 ბენეფიციარის ნაცვლად, მხოლოდ 221 ბენეფიციარს (37%-ს) ჩაუტარა მკურნალობის შემდგომი განმეორებითი დიაგნოსტიკა, რითაც მან დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები'' - აღნიშნულია მოთხოვნაში.

შესყიდვების სააგენტოს ცნობით, ,,ევექსების ჰოსპიტლებს'' უკვე მიღებული აქვთ თანხის 98% პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესრულებული აქვთ ნახევარზე მეტი სამუშაო, ამიტომ, მათ მიმართ შავი სია არ გამოიყენა. სამედიცინო ჰოლდინგს გაფრთხილება მისცეს.

გაეროს ბავშვთა ფონდი ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა თავის ანგარიშში, რომ საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), მათ შორის, ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა არის 5-დან 10 მკგ/დლ-მდე. 

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ მთავრობა გეგმავს შეიმუშაოს ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით; საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები