ახალი ამბები
ერეკლე თედლიაშვილის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ძალადობის მუხლით სცნეს
დაღუპულის მამა, ირაკლი თედლიაშვილი ბოლომდე ვერ დაესწრო იმ სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას, რომელიც მისი შვილის, ერეკლე თედლიაშვილის მკვლელობის ფაქტს ეხებოდა.

საქმეზე აწ უკვე მსჯავრდებული თარაშ კანდელაკი ძალადობის მუხლით გაასამართლეს. ხოლო მეორე მუხლი, განზრახ დაზიანების შესახებ, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, მოუხსნეს.

დაღუპულის მამა, ირაკლი თედლიაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულის ადვოკატებმა საქმე იქამდე წაიყვანეს, რომ ლამის დამნაშავედ მისი დაღუპული შვილი გამოიყვანეს:

,,ვერ გავუძელი ამ პროცესს. საუბარი ისე მიყავდათ, თითქოს ჩემი შვილი იყო დამნაშავე. ვერავინ გაიგო, ვინ დაარტყა ჩემ შვილს. მეც ეგ მაინტერესებს, მაშ ვინ დაარტყა ჩემ შვილს? ეს სასამართლოა? ეს გამოძიებაა? თუ მან არ დაარტყა, მაშ ვინ?'' - ამბობს ერეკლე თედლიაშვილის მამა.

დაღუპულის დედა, ლია საბიაშვილის თქმით, მტკიცებულებები თავიდანვე განადგურდა, რომ არ გამოკვეთილიყო ბრალდებულის ბრალეულობა.

,,სამი თვე ჩემი შვილი საავადმყოფოში ჰყავდათ. რეალურად, მკვდარი იყო უკვე, მაგრამ ძალით აცოცხლეს. არ არსებობს თურმე კამერის ჩანაწერები, არ არსებობს სამედიცინო ექსპერტიზა; ამ საქმეში დამნაშავე არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი, აქ სხვებიც არიან დამნაშავეები, ვინც იქ იყვნენ. სხვისი შვილები რომ არ გამწარდნენ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ'' - აცხადებს დედა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 9 ივნისს, გორის პოლიციამ 1998 წელს დაბადებული თარაშ კანდელაკი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით ვერსიით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ჟოზეფში", 2001 წელს დაბადებულ ერეკლე თედლიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები