ახალი ამბები
გორის შემდეგ თავდასხმა ბორჯომში - გაურკვეველი ჯგუფი ახალგაზრდულ ბანაკში შეიჭრა
გორში, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის შემდეგ, დაუდგენელი ჯგუფი ბორჯომის რაიონში, მზეთამზეში, სასტუმრო Eco Hotel-ის ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც ახალგაზრდული ბანაკის წევრებისთვის"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს ლექცია უნდა ჩაეტარებინა.

ორგანიზაციის წევრმა ანა ყურაშვილმა ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ვიდეო გადაიღო და შემდეგ ეს ვიდეო გავრცელა "ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" "ფეისბუკის" გვერდზე.

ანა ყურაშვილი ყვება, რომ დაუდგენელი ჯგუფის წევრები ისვრიან ქვებს და საღებავებს, გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, თუმცა იმ დროისთვის მისული არ იყო. 

"ლიბერალური აკადემიის მეხუთე ბანაკში ვიმყოფებით. გაურკვეველი წარმომავლობის დაჯგუფებები შემოგვივარდნენ, ყველა მხირდან გვიტევენ ხალხო, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ ვართ... გვესვრიან ქვებს, საღებავებს. საღებავი შეესხა ჩვენი ბანაკის მოაწილეებს, ძალიან შეშინებულები არიან და ნერვიულობენ. გვაგინებენ, გვაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ვითხოვთ დახმარებას. ადამიანები აქ განათლების მისაღებად არიან. საქართველოში დღითითდღე გვიჩნდება დაუცველობის შეგრძნება. არ ვართ დაზღვეულები იმისგან, რომ მანქანაში მსხდომებს თავ დაგვესხან იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები არ ემთხვევა", – ამბობს ლიბერალური აკადემიის წარმოადგენელი ფეისბუკის პირდაპირ ეთერში.



როგორც ,,სამხრეთის კარიბჭე '' წერს, ბორჯომში, სოფელ მზეთამზეში "გირჩი - მეტი თავისუფლების" ახალგაზრდული ბანაკის წევრებს თავს მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისას" მხარდამჭერები დაესხნენ.

მოძრაობის დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი მედიასთან ადასტურებს, რომ მისი მხარდამჭერები ბორჯომში იმყოფებიან, თუცა იგი კატეგორიულად უარყოფს თავდასხმის ფაქტს.

"ზურა გირჩი ჯაფარიძეს, რაზე უნდა წაეკითხა ლექცია, როგორ ჩავიხადოთ შარვალი მტრის წინაშე?! თქვენ უნდა გვითხრათ მადლობა, რომ ზურა ჯაფარიძემ აქ ვერ ჩამოაღწია... ეს იყო აღშფოთებული, აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი, ბორჯომელები, ახალციხელები, ბაკურიანელები, ჩვენი მოძრაობის "საქართველოს უპირველეს ყოვლისას" მხარდამჭერები, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან იმას, რომ უკუღმართმა ადამიანებმა, ქვეყნის მტრებმა,ჩვენი ეკლესიის მტრებმა, საქართველოს არევის მსურველებმა მოწამლონ ახალგაზრდები. ძალადობა არის ის, რასაც ზურა გირჩი ჯაფარიძე აკეთებს. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, ეს იყო აქცია. ნუ დააკავშირებენ ნურც პერსონალურად ჩემთან და ჩვენს მოძრაობასთან იმ ინციდენტს რომელიც მოხდა გორში", – ამბობს ვატო შაქარიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები