ახალი ამბები
მდინარე ტანა ზემო ბოშურის სკვერს უახლოვდება - დანგრეულია საცალფეხო ხიდიც
ზემო ბოშურში საბავშვო სკვერის არეალი მცირდება. ადიდებულმა მდინარე ტანამ ნაპირები მოანგრია. კალაპოტი სკვერს უახლოვდება.

ჩანგრეულია ის საცალფეხო ხიდიც, რომელიც სკვერთან მისასვლელად მოსახლეობამ თავად გააკეთა. ამჯერად, სკვერი საბოლოოდ უფუნქციოდ დარჩა.

სკვერი გორის მერიამ 2021 წელს გააკეთა და 10 000 ლარი დახარჯა. ამ თანხით შეიძინეს ატრაქციონები და დადგეს. 



ვინ შეარჩია ადგილი? ამის შესახებ მერიისგან ოფიციალური პასუხი არ გვაქვს.

ოფიციალური დოკუმენტებით, პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. დოკუმენტების მიხედვით, სკვერის გაკეთება მოსახლეობამ მოითხოვა.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2021 წლის დასაწყისში, გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა დაახლოებით 43 ათას ლარად დაიქირავა საპროექტო ორგანიზაცია ,,ჯ-არქი'', რომლის ხელმძღვანელს ომარ ჯაფარიძეს სხვადასხვა სამუშაოებთან დაკავშირებით პროექტების შედგენა შეუკვეთა.

კომპანია ,,ჯ-არქმა'', რომლის დამფუძნებელი მხოლოდ ერთი ადამიანი - ომარ ჯაფარიძეა, შეადგინა პროექტები. ამ პროექტების საფუძველზე გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა მშენებელი ,,კახა დათაშვილი'' დაიქირავა.

კახა დათაშვილმა სამუშაოები დაგვიანებით შეასრულა. ამის მიზეზად პანდემია დაასახელა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები