ახალი ამბები
პოლონეთის ქალაქ ოჟიშის მერი გორის საბავშვო ბაღებს დაეხმარება
პოლონეთის ქალაქ ოჟიშის მერი გორის საბავშვო ბაღებს დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.

ოჟიშის მერის ინფორმაციით, პოლონელი ექსპერტები გორში ჩავლენ, რომლებიც სააგენტოს თანამშრომლებს ევროკავშირის ფონდებში საპროექტო განაცხადების წარდგენაში დაეხმარებიან:

,,რაც გორის მუნიციპალიტეტში შერჩეული საბავშვო ბაღის გარემონტებას და აღჭურვას მოიცავს.'' - წერია განცხადებაში.

როგორც ,,ქართლის ამბები'' წერდა, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის მეთოდისტ-სპეციალისტები სასწავლო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ.

სააგენტოს ცნობით, პროექტი გულისხმობდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების პრაქტიკულ და თეორიულ კურსებს, რაც პოლონელი ექსპერტების მონაწილეობით 20 საათიან თემატურ სამუშაოებს მოიცავდა.

პოლონეთის განათლების და მეცნიერების სამინსტროს, ვარმინსკო-მაზურის რეგიონის პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის ექსპერტების მონაწილეობით, გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მეთოდისტები ოჟიშის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღში პირადად დაესწრნენ სააღმზრდელო პროცესს, გაეცნენ პოლონურ გამოცდილებას, მუშაობის მეთოდებს, ინტერპერსონალურ მიდგომებს საჭიროების მქონე ბავშვებთან და ევროკავშირში აპრობირებულ მეთოდურ მიდგომებს.

გორის დელეგაციას ხელმძღვანელობდა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი, რომელმაც ოჟიშის მერთან ზბიგნევ ვლოდკოვსკისთან ოფიციალური შეხვედრები გამართა.

პროგრამის დასასრულს გორელ მეთოდისტ-სპეციალისტებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

ოჟიშის მუნიციპალიტეტში ვიზიტი სააგენტოსთვის ეს უკვე მეორე პროექტია. პირველი დაახლოებით 2 წლის წინ განხორციელდა და სპეც-მასწავლებლების გადამზადებას ითვალისწინებდა.

,,ქართლის ამბების'' ინფორმაციით, განმეორებით ვიზიტზე კვლავ სპეც-მასწავლებლების გაგზავნი იგეგმებოდა, თუმცა სააგენტო ამ ინფორმაციას უარყოფს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები