ახალი ამბები
,,გორმედში ისევ რიგებია" - კლინიკაში მოქალაქეები კვლავ რეგისტრატორის სიმცირეს უჩივიან
გორმედში კლინიკიდან მოქალაქე გვატყობინებს, რომ რესგიტრატურაში კვლავ დიდი რიგია და საჭირო რაოდენობის რესგიტრატორი არ მუშაობს: 

,,ახლა დააზლოებით 11 საათია. ვარ 87-ე ნომრად დარეგისტრირებული. გარდა იმისა, რომ რეგისტრაციის გავლას დასჭირდა დიდი დრო, არ ვიცი, როდის მომიწევს ექიმთან შესვლა. მოსული ვარ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვაგან წასვლა არ შემიძლია. მჭირდება სისხლის საერთო ანალიზი და ამისათვის სავარაუდოდ მთელი დღე ლოდინი მომიწევს"- გვითხრა მოქალაქემ.

რეგისტრატორებთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირის წინ სხვა მოქალაქემაც გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც აღნიშნავდა, რომ მიყვანილი ჰყავდა ხანდაზმული ადამიანი და ვერ ახერხებდა რესგიტრაციასაც კი.

ამის პასუხად გორმედიდან გვაცნობეს, რომ რესგიტრატურაში 5 რესგიტრატორი მუშაობს და არანაირი პრობლემა არ არსებობს. 

რაც შეეხება მომსახურების გაუმჯობესებას, ამის თაობაზე მოქალაქეები ითხოვენ შესაბამისი სამსახურების, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტროს ჩართვას.

,,შეუძლებელია, ამდენ ხალხს ემსახურებოდეს ერთი კლინიკა. უნდა გადაიხედოს პირობები და ალტერნატიული სამედიცინო სერვისის მომსახურების საშუალება გვქონდეს"- ამბობს მოქალაქე.

მოქალაქეები ითხოვენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული საკითხი მოიკვლიოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები