ახალი ამბები
აუდიტის ცნობით, კასპის საკრებულოში საწვავს ლიმიტის გადაჭარბებით ხარჯავენ
კასპის მუნიციპალიტეტში ლიმიტების გადაჭარბებით დახარჯულია 6.4 ტონა საწვავი. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებას ეხება 2020-2021 წლების განმავლობაში.

სახელმწიფო აუდიტის ცნობით, მუნიციპალიტეტებმა ვერ წარმოადგინეს გახარჯული საწვავის დოკუმენტური დასაბუთება.

2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტებში საწვავის ლიმიტი დადგენილია საკრებულოს თავმჯდომარის/მერის ბრძანებების საფუძველზე.

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია აკონტროლოს საწვავის ხარჯვა დაწესებული ლიმიტის ფარგლებში.

გარდა ამისა, კასპის შემთხვევაში, საწვავი ჩასხმულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარეთ მდებარე ავტოგასამართ სადგურებში, რაც აუდიტის ვარაუდით, არ უკავშირდება მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

აუდიტის ცნობით, კასპის მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირების შვებულებაში ყოფნის დროს საწვავი ჩასხმულია.

მუნიციპალიტეტების პასუხისმგებელი პირების განმარტებით, თანამშრომლებზე მიმაგრებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანებით ასევე სარგებლობდნენ სხვა თანამშრომლებიც, რამაც გამოიწვია პირების შვებულებაში ყოფნის პერიოდში ავტომანქანებში საწვავის ჩასხმის შემთხვევები.

აღნიშნული დოკუმენტურად არ არის დადასტურებული.

,,მოხელის შვებულების დროს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება. შვებულების პერიოდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი საწვავით, რადგან მათი სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებულია."" - ვკითხულობთ ანგარიშში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები