ახალი ამბები
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.

საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს. მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში, ბრიუსელში ვთქვი: ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ "ამას თუ არ იზამთ ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება". ეს არის გადაწყვეტილება პრეზიდენტის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა შეწყალების საკითხში პატრიარქ ილია მეორესთან ნებისმიერი კომუნიკაცია გამორიცხა და აღნიშნა, რომ ეს მასთან არ არის დაკავშირებული.

გვარამია საპატიმროს დღესვე დატოვებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები