ახალი ამბები
გახარია მთავრობას მოუწოდებს, რომ რუსეთთან საზღვარი დროებით ჩაკეტოს
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რუსეთში მიმდინარე პროცესების გამო უსაფრთხოების საბჭო მოიწვიოს.

ყოფილი პრმიერის რეკომენდაციით, "არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით", დროებით უნდა ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.

"საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო", - წერს ის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რადიო თავისუფლების ცნობით, 23 ივნისს, პარასკევს, "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, "ვაგნერის" რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს "ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".

პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს "ზურგში დარტყმა" უწოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები