ახალი ამბები
შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვები ერთმანეთში აჩხუბა და ვიდეო გადაუღო
შიდა ქართლში 42 წლის მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვები აჩხუბა და ვიდეო გადაუღო.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი საკმაოდ აგრესიული იყო და თავის  შვილს მოუწოდებდა მისი თანატოლი მოეკლა.

ნაცემი ბავშვის ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბიჭს საკმაოდ მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული.

"ერთ-ერთი ბავშვის მამა ხშირად აქეზებს თავის შვილს, რომ მეორე ბავშვს სცემოს. ეს ვიდეოც მაღაზიის წინ გადაუღო ბავშვებს ჩხუბის დროს. ბავშვი შემოვარდა სახლში ნაცემი და შეშინებული. ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და საავადმყოფოში წამოვიყვანე. როგორც ბავშვმა მითხრა, მამამისმა ჩამოიყვანა თავისი შილი და ჩემზე უთხრა, მიდი მოკალიო. იმ ვიდეოშიც ჩანს, რომ ხალხი მიდის და მამაკაცს ეუბნება, რატომ სცემს ბავშვსო. ის კიდე ეუბნება, გაუშვი მოკლასო. მაღაზიის წინ, ხალხის თანდასწრებით. ხალხს ეჩხუბებოდა გაუშვით, არ ჩაერიოთ, მოკლასო. პოლიციაც გამოვიძახეთ და შემდეგ პატრულმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და გადაგვიყვანეს საავადმყოფოში."- ამბობს დაზარალებული ბავშვის ახლობელი.

გაგრძელება:

შს სამინისტროს პრესსამსახურის განცხადება:

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული მამაკაცი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის, რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა. რის შემდეგაც არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.'' - აღნიშნულია განცხადებაში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები