ახალი ამბები
დომინო – ერთადერთი გასართობი საქაშეთში


დავით ელბაქიძე, რომელიც ზაფხულის არდადეგებს, სოფელში ნათესავებთან ატარებს, ამბობს, რომ სოფელში ფეხბურთის, კალათბურთის ან ფრენბურთის თამაში შეუძლებელია, რადგან მათი სპორტული სივრცე, მხოლოდ საკუთარი სახლის ეზოთი შემოიფარგლება.

" ჩემი მამიდაშვილი კალათბურთელია და იმან გადაწყვიტა ამ ფარის დადგმა. ყოველ საღამოს აქ ვიკრიბებით ბავშვები და აქ ვთამაშობთ ხოლმე, თუმცა სივრცე ძალიან პატარაა. ამიტომ ხშირად დომინოს თამაში გვიწევს, რომ გავერთოთ"- გვიხსნის დავით ელბაქიძე.
საქაშეთში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის , სოფელის ცენტრში მდგარი დომინოს მაგიდა ერთადერთი გასართობია, რადგან სპორტული აქტივობებისათვის საჭირო სტადიონი არ აქვთ. ამის გამო, მეგობრის სახლის ეზო, სადაც პატარა საკალათბურთო ფარი ეკიდა, სოციალურ ქსელში მონიშნეს, ჰეშთეგით "საქაშეთის მინი საკალათბურთო სტადიონი"

"ეს არის საქაშეთის მინი საკალათბურთო მოედანი. ჩვენმა მეგობარმა დადო პოსტი და თავისი სახლის ეზო ასე მონიშნა. მეტწილად აქ მოდიან ბავშები სათამაშოდ. აქ უფრო ვერთობით"-გვიყვება, სოფელ საქაშეთში მცხოვრები კესო ბაბუნიშვილი.

ამბავიც ასე იწყება. ერთ საღამოს, დომინოს თამაშით მოწყენილმა ახალგაზრდება სურათი გადაიღეს და ფეისბუქზე განათავსეს წარწერით "გაგვიკეთეთ სტადიონი საქაშეთს... ერთი დომინო გვაქვს ბავშვებს!"


"მართლაც ესე არის ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბავშვები ვერ თამაშობენ სტადიონზე. არ არის კეთილმოწყობილი. ახალგაზრდები ახლა სულ ტექნოლოგიებში არიან ჩართულები. მათ ყველაზე მეტად, სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია სჭირდებათ. ამის ყველაზე კარგი საშალება კეთილმოწყობილი სტადიონია" - ამბობს ახალგაზრდა კესო ბაბუნიშვილი.

ახალგაზრდების ფეისბუქ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათი პრობლემით დაინტერესდა შიდა ქართლის, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია და მათი დასაჩუქრება გადაწყვიტა.

საქაშეთის სკოლის დირექტორი, ციცინო ტარუაშვილი დასძენს, რომ საჩუქრები, რაც სკოლას გადაეცა ძალიან მნიშნელოვანია მათთვის, რადგან სკოლა ვარიანის მეურნეობას, საქაშეთის დევნილთა დასახლებას და სოფელ საქაშეთს ემსახურება. სპორტული ინევნტარით სარგებლობას კი 180-მდე ბავშვი შეძლებს.

"სოფლის მოსახლეობის ინიციატივით გაჟღერდა, რომ სოფელში უნდა ყოფილიყო მინი სტადიონი. აქედან გამომდინარე, ბავშვების პოსტმა გამოხმაურება ჰპოვა და შესაბამისად შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით ღამბაშიძემ უმოკლეს დროში, სულ რაღაც 2 დღეში, ტენისის მაგიდები სკოლაში მოიტანა. ამისთვის უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მას. რამდენადაც ვიცი, მოსახლეობას დაპირდნენ, რომ სოფელში უნდა გაკეთდეს მინი სტადიონი. ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევს, სოფლის გამგებელი, რომელიც უშუალოდ ჩართულია პროცესში და ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში განხორციელდება"-ამბობს, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ საქაშეთის სკოლის დირექტორი ციცინო ტარუაშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები