ახალი ამბები
სასამართლოში ხელოსნები დაკითხეს / მკვლელობის საქმეზე
სადგურის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სასამართლოში მოწმეების დაკითხვა დაიწყო. ფაქტს ორი ბრალდებული ჰყავს – ავტოსახელოსნოს მფლობელი ნიკა საბაშვილი და შემთხვევის დროს დაჭრილი ვანო ღვინიაშვილი.

მკვლელობა გორში, სადგურის დასახლებაში 2023 წლის 28 თებერვალს მოხდა.

პროკურატურის მტკიცებით, სადგურის დასახლებაში მცხოვრებმა, ხელოსანმა ნიკა საბაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა ირაკლი კობერიძეს და ვანო ღვინიაშვილს. კობერიძე ადგილზე გარდაიცვალა, ღვინიაშვილი კი, რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდა სამხედრო ჰოსპიტალში.

ღვინიაშვილი მკურნალობის შემდეგ დააკავეს ფულის გამოძალვის ბრალდებით. ღვინიაშვილის საქმეზე სასამართლოში სამი მოწმე დაკითხეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ხელოსანს აიძულებდნენ ავტომანქანა თავისი სახსრებით შეეკეთებინა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება და მკვლელობა მოყვა.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ ვანო ღვინიაშვილის მხრიდან არასოდეს ყოფილა თანხის გამოძალვის ან/და მანქანის შეკეთების საფასურის გადაუხდელობის ფაქტი. როგორც მოწმეები ამბობენ, აღნიშნულმა პიროვნებამ რამოდენიმეჯერ მიმართა ხელოსნებს, მანქანის შესაკეთებლად და გასამრჯელოს სანაცვლოდ, ხელოსნებს ტკბილეული მიართვა.

აღნიშნული პირები მკვლელობის ადგილთან მდებარე სახელოსნოებში მუშაობენ და ინცინდენტის დროსაც იქვე იმყოფებოდნენ. მოწმეები აცხადებენ, რომ გარეთ მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც სროლის ხმა შემოესმათ. გამოსვლისას დაჭრილი მამაკაცები დაინახეს, თუმცა რაიმე ტიპის ცივი იარაღი არ შეუმჩნევიათ.

მოწმე დ.ნ: ვანო ღვინიაშვილს ვიცნობ. იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა, სამსახურში ვიყავი. ჩემთან ერთად იყო ჩემი დამხმარე ბიძინა კარიჭაშვილი. ვმუშაობდით, როდესაც გასროლის ხმა გავიგონე და გარეთ გამოვედი. დავინახე, რომ სისხლიანი ბიჭები ძირს იწვნენ. კობერიძეს სახე სულ სისხლიანი ქონდა.

ორი ბოქსი მაქვს. ერთი ზუსტად ინცინდენტის ადგილას არის, მეორე 30-40 მეტრის დაშორებით. 4 გასროლის ხმა გავიგე სათითაოდ, წამების ინტერვალით. ხალხის ხმაურზე გამოვედი მეც. ჩემს ბოქსს ანასხლეტის კვალი აქვს და ჩემს გვერდითა ბოქსში ტყვიაა გავლილი, მაგრამ მე რომ გამოვედი, იარაღი არ დამინახავს.

ვანო ღვინიაშვილს ,,კირპიჩი" გავუკეთე და მანდედან ვიცნობ, თუმცა არ ყოფილა, რომ უფულოდ გამეკეთებინოს. 3-4 ჯერ იყო შესაკეთებლად. ერთხელ 20 ლარი ვუთხარი და 50 ლარი მომცა, მეორედ რომ შევუკეთე მანქანა, ფული არ გამოვართვი და ფანტა, კოკაკოლა და რაღაც ტკბილეული მომიტანა.

მოწმე ბ. კ: ბრალდებულს არ ვიცნობ. ვანო ღვინიაშვილს ვიცნობ, წელიწადზე მეტია იქ ვმუშაობ და ვიცი ვინც არის. პისტალეტს ვამუშავებდით, როდესაც გასროლის ხმა გავიგე. დაახლოებით 4 ჯერ ისროლეს. როცა გამოვედით გარეთ ორი, სისხლიანი ადამიანი ძირს იწვა. მანამდე მიცვალებული არ მინახავს და ესენი რომ დავინახე, ცუდად გავხდი დ.ნ.-მ მომასულიერა. იარაღი არ მინახავს.

ვანო ღვინიაშვილის მხრიდან ფულის მოთხოვნა არ ყოფილა. ერთხელ ,,სვეჩები"" გავუკეთეთ, 20 ლარი უთხრა და 40 დაუტოვა. მერე ტკბილეულიც ამოიტანა. ფანტა, კოკაკოლა და რაღაცეები. ისე ამოიტანა უბრალოდ. მოგვიკითხა, ბიჭებო როგორ ხართო.

მოწმე დ.კ. ჩემი სახელოსნო საბაშვილის სახელოსნოს პირდაპირ არის. მკვლელობის დღეს საბაშვილი ვნახე დილით მანქანით ჩამიარა, მოგვესალმა. ეგ იყო და ეგ. ღვინიაშვილს რაც შეეხება, ვიცნობ, თუმცა მეგობარი არ ყოფილა. მეც სადგურზე დაბადებული და გაზრდილი ვარ. ერთხელ გავუკეთე მანქანა და ტკბილეული მომიტანა. მეორედაც გავუკეთე, დაახლოებით 30 წუთი ვუკეთებდი. თანხა არც შემოუთავაზებია და არც მე გამომირთმევია.

დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებზე მხარეები საკუთარ ვერსიებს ასახელებენ.

იხ ამავე თემაზე:
Print

სტატიის გამოყენების პირობები