ახალი ამბები
პროკურატურამ კასპის მერის წარმომადგენელს ბრალი წაუყენა
მერის წარმომადგენელი კავთისხევის თემში მიხეილ კელაპტრიშვილი ბრალდებულია. ის ამჟამად გირაოთია გათავისუფლებული. სასამართლოში მისი საქმის განხილვა მიმდინარეობს.

პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის ინფორმაციით, კასპის მერის წარმომადგენელმა გასცა ცნობა იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთ სოფელში მოქალაქე ფლობდა მიწის ნაკვეთს. ეს ცნობა საჯარო რეესტრში გაიგზავნა.

,,მოქალაქე თაღლითურად დაეუფლა სხვის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რაშიც მიხეილ კელაპტრიშვილის მიერ გაცემული ცნობა დაეხმარა'' - განაცხადა პროცესზე პროკურორმა.

ბრალდებული მიხეილ კელაპტრიშვილი საკითხის საბოლოო გარკვევამდე რჩება თანამდებობაზე. მისი თქმით, მიწის ნაკვეთების საკითხს კასპის მერიაში შესაბამისი კომისია განიხილავდა.

,,მომიყვანა ამ კაცმა სამი მოწმე, რომელიც ადასტურებდა, რომ ნაკვეთი იყო მისი. შესაბამისად, მოხდა ცნობის გაცემა. დაახლოებით 3500 მიწის ნაკვეთის დაკანონების შესახებ შემოდის თხოვნა მერიაში. შეუძლებელია, ფიზიკურად ყველა ნაკვეთის გადამოწმება. '' - განაცხადა პროცესზე მიხეილ კელაპტრიშვილმა.

პროკურორმა განაცხადა, რომ სამი მოწმე არ იყო იმ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, რომლის შესახებაც მერის წარმომადგენელმა ცნობა გასცა. კელაპტრიშვილი აღიარებს, რომ ცნობა გადაუმოწმებლად გასცა.

რედაქციის განმარტება: სტატიის თავდაპირველ ვარიანტში იყო მითითებული, რომ მიხეილ კელაპტრიშვილი ბრალდებულია ყალბი დოკუმენტის გაცემაში და გათავისუფლებულია თანამდებობიდან., რაც ადვოკატის განცხადებით, მცდარია. მისი განცხადებით, კელაპტრიშვილი სხვა მუხლითაა ბრალდებული, რომლის დასახელებისგან ამ ეტაპზე ადვოკატი თავის იკავებს. ადვოკატი განმარტავს ასევე, რომ მიხეილ კელაპტრიშვილი არ მუშაობდა მერის მრჩევლად. კასპის მერიის ოფიციალურ გვერდზე კელაპტრიშვილი დღემდე მუშაობს მერის წარმომადგენლად.

ფოტოზე: კასპის მერი
Print

სტატიის გამოყენების პირობები