ახალი ამბები
გზა ნაკვეთებამდე თედოწმინდაში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში მოსახლეობა ნაკვეთებამდე მისასვლელად დაზიანებული ხიდით სარგებლობს.

სოფელი ტინისხიდის ადმინისტრაციულ თემში შედის. მერის წარმომადგენელი, დავით ავაზნელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ხიდის ბურჯები მოვარდნილმა წყალმა დააზიანა, მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეძლო შეკეთება.

"ხიდი საკმაოდ ძველია. მოვარდნილმა წყალმა დაბრიცა. ჩვენი ძალებით რაც შევძელით, ის იყო, რომ ფიცრები გავასწორეთ, რომ ხალხს ისევ შეძლებოდა სარგებლობა. ხიდს იქით სოფელი თედოწმინდის მოსახლეობის ნაკვეთებია და ხალხი ამით სარგებლობს. ტრაქტორით ან სხვა ტექნიკით თუა ნაკვეთში მუშაობა საჭირო, შემოვლითი გზით მიდიან, წმინდაწყლის მხრიდან."-ამბობს დავით ავაზნელი.

ხიდმა ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც ლიახვის სანაპიროზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო და მედიის წარმომადგენლები სიუჟეტებს ამზადებდნენ.

გორის საკრებულოს წევრი ნაზი დიდებელი მერიას ხიდის რეაბილიტაციის თხოვნით მიმართავს, თუმცა, რამდენად შესაძლებელია დაზიანებული ბურჯების აღდგენა, ამ ეტაპზე ოფიციალური დასკვნა არ არსებობს.

მერია არც ხიდის დაკეტვას აპირებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები