ახალი ამბები
ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანის გატაცების ბრალდებით შიდა ქართლში 5 პირი დააკავეს
შიდა ქართლში ადამიანის გატაცების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. მათთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, დღეს გორის სასამართლოში იმსჯელეს.

მოსამართლე დავით მაკარიძემ ხუთივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შიდა ქართლის პროკურორის დავით დოხნაძის განცხადებით, ბრალდებულებმა 30 000 აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით, იარაღის მუქარით გაიტაცეს ერთი ადამიანი. როგორც ბრალდებულების ახლობლები ირწმუნებიან, ფაქტი სავარაუდოდ ვალის დაბრუნებას უკავშირდება.

პროკურორის განცხადებით, ადამიანის გატაცება 2023 წლის აპრილში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მოხდა.

პროკურორის, ოთარ დოხნაძის თქმით ბრალდებულების ო.ს; ე.მ; ა.ა; რ.კ; ი.ნ; მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული უნდა იყოს პატიმრობა, რადგან მათი მხრიდან არსებობს მოწმეზე ზემოქმედების, გამოძიების ხელისშეშლის ან/და მიმალვის საშიშროება.

"აღნიშნულ პირებს, საზღვარგარეთ ჰყავთ ნათესავები და წლის განმავლობაში, საზღვრის კვეთა ხშირად უფიქსირდებათ. ამიტომ გთხოვთ დატოვოთ პატიმრობაში"- უთხრა პროკურორმა ოთარ დოხნაძემ მოსამართლეს.

ბრალდებულების ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო მოითხოვა და დასძინა, რომ პროკურორის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები საფუძველს მოკლებულია და მისი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობაში დატოვება აუცილებლობას არ წარმოადგენს.

"ბატონო მოსამართლე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მოწმეებზე ზეწოლის, მიმალვის ან გამოძიების ხელისშეშლის საფრთხე არ არსებობს, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ არიან წარსულში ნასამართლევნი. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა საღვარი გადაკვეთონ, შესაძლებელია, რომ პასპორტები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები საგამოძიებო სამსახურში ჩააბარონ, რაც მათი მხრიდან საზღვრის კვეთის საფრთხეს გამორიცხავს. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ დაზარალებულს მათთან პრეტენზია აღარ აქვს, შერიგდნენ კიდეც. მინდა გთხოვოთ, აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენოთ გირაო, რაც განისაზღვრება 20 000-25 000 ლარის ოდენობით ან მეტით, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია"- აღნიშნა ბრალდებულების ადვოკატმა.

მოსამართლე დავით მაკარაძემ, არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე და ხუთივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურამ ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით წაუყენა ბრალდება, კერძოდ:

- 143-ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტი - თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

- 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით - თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

- 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ე ქვეპუნქტი - თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ

- 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტი - გამოძალვა ჯგუფურად;

- 181-ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტი - გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.




Print

სტატიის გამოყენების პირობები