ახალი ამბები
გაიპარნენ თუ არა სოფო ბებოსგან ბავშვები? - დირექტორი არც უარყოფს, არც ადასტურებს
გორში, საბავშვო ბაღიდან ბავშვების გაპარვის სავარაუდო ფაქტის შესახებ, დიდი ხმაურია ატეხილი. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე ანონიმურად წერს, თანაც დეტალურად, თუ როგორ მოხდა ეს ამბავი.

მომხმარებელი სოციალურ ქსელში ფოტოგრაფის სახელით საუბრობს. მან აღნიშნა, რომ ცხოვრობს კომბინატის დასახლებაში, სადაც კერძო ბაღი, ,,სოფო ბებოსთან'' მდებარეობს.

მოქალაქე წერს, რომ შვილებთან ერთად სეირნობდა კომბინატის დასახლების პარკში, სადაც ორი ძალიან მცირეწლოვანი ბავშვი შენიშნა. პატარები დიდი ხნის განმავლობაში საჯარო სივრცეში, პარკში აგრძელებდნენ თამაშს. მოქალაქემ იფიქრა, რომ პატარებთან ერთად ახლოს იმყოფებოდა მშობელიც.

,,თუმცა ერთ-ერთი პატარა უფრო ადრე წავიდა პარკიდან, ვიდრე მეორე, რომელსაც ზურგზე პატარა ჩანთა ეკიდა. მალევე ატყდა ჩოჩქოლი და გავიგეთ, რომ საბავშვო ბაღიდან ბავშვები იყვნენ დაკარგული და მივხვდით, რომ სწორედ ამ ორ პატარას ეძებდნენ.'' - წერს მოქალაქე.

იგი ვარაუდობს, რომ საბავშვო ბაღში მაშინ ატყდა ჩოჩქოლი, როდესაც ერთ-ერთი ბავშვი ბაღში გარედან სხვამ შეიყვანა.

,,ბაღთან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა და მეზობლებიც მოგროვდა. უხაროდათ ბავშვების პოვნა, თუმცა სასწაულად გადარჩა ეს ორი უსუსური პატარა, უამრავი ძაღლების და მანქანების გარემოცვაში, იმხელა გზის გავლა მოუწიათ.'' - წერს მოქალაქე.

საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი სოფო სისუაშვილი ,,ქართლის ამბებთან'' საუბრისას აცხადებს: "ფაქტს არც ვადასტურებ და არც უარვყოფ. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ. ეგ არის ფეიქექაუნთი."-აღნიშნა სოფო სისუაშვილმა.

კომენტარისთვის შს სამინისტროს პრეს-სამსახურს დავუკავშირდით, თუ რატომ გამოიძახეს საბავშვო ბაღში პოლიციის ეკიპაჟი, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურისგან, დაპირების მიუხედავად, პასუხი არ მიგვიღია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები