ახალი ამბები
კასპის სოფელ გრაკალში საბჭოთა რუკებით ჭაბურღილი გააკეთეს, თუმცა წყალი არ ამოვიდა
კასპის მერიის ცნობით, სოფელ გრაკალში კომპანია ,,თექ ჰაივეიმ'' ჭაბუღილი გააკეთა, თუმცა წყალი არ ამოვიდა. მიუხედავად ამისა, მერიამ კომპანიას 53 500 ლარი მაინც გადაუხადა.

კომპანია ,,თექ ჰაივეის'' წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მან ჭაბურღილი იმ ადგილას გააკეთა, სადაც პროექტის მიხედვით, დაავალეს. პროექტი კი კომპანია ,,ჰიდრამ'' მოამზადა. კასპის მერიაში აღნიშნეს, რომ ,,თექ ჰაივეის'' შეცდომა განპირობებული იყო კომპანია ,,ჰიდრას'' მიერ მომზადებული პროექტით.

კომპანია ,,ჰიდრამ'' კასპის მერიას აცნობა, რომ საქართველოში ჰიდროგეოლოგიური მიმართულება (რის საფუძველზეც შედგენილია ჰიდროგეოლოგიური რუკები) შესწავლილია წინა საუკუნის 50-80 წლებში, რის შედეგადაც, სტატისტიკურად, სხვადასხვა ტერიტორიაზე მოწყობილი ჭაბურღილებისათვის საექსპლუატაციოდ საკმარისი დებეტი მიიღება 70-90 % შემთხვევაში.

კომპანია ,,ჰიდრა'' არ იზიარებს მერიის პოზიციას. უფრო მეტიც, პროექტის ავტორმა აღნიშნა, რომ ჭაბურღილის მოწყობისათვის საჭირო ჰიდროლოგიური კვლევები სრულდებოდა ჰიდროგეოლოგის მიერ არსებული ჰიდროგეოლოგიური რუკების, საარქივო მასალების, ადგილის დათვალიერების საფუძველზე, რის შედეგადაც შედგენილი დასკვნა იყო სავარაუდო და აღნიშნული დასკვნით მოწყობილ ჭაბურღილს ეწოდებოდა საცდელსაექსპლუატაციო, ხოლო გარანტიას სავარაუდო დებეტის მიღებაზე არ იძლეოდა არც ჰიდროგეოლოგი და შესაბამისად არც მიმწოდებელი.

იმ დროს, როდესაც გრაკალში გაკეთებულ ჭაბურღილიდან წყალი არ ამოვიდა, შპს "ჰიდრამ", საკუთარი ხარჯებით ჩაატარა ალტერნატიულ ადგილზე ბურღვითი სამუშაოები.

,,ჩატარებული ბურღვითი სამუშაოების მიუხედავად, სოფელ გრაკალში არ აღმოჩნდა წყლის დებეტი.'' - აღნიშნავენ კასპის მერიაში.

კომპანია ,,ჰიდრა'' არც ამ პოზიციას იზიარებს, რადგან მისი მონაცემებით, გრაკალში გაკეთებული მეორე ჭაბურღილიდან საათში ამოდის 2,5 კბ წყალი. კასპის მერია კი საათში 5,8 კბ წყალს ელოდებოდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანია ,,ჰიდრა'' სვარაუდო მცდარ კოორდინატებს უკავშირებს გასული საუკუნის 50-80 წწ-ში შედგენილ რუკებს, რომლითაც საქართველოში დღეს კვლავაც სარგებლობენ. კომპანიას ,,ჰიდრას'' თანხა სრულად ჩაერიცხა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები