ახალი ამბები
გორის საკრებულოში ოქრუაშვილისთვის ადგილს არ ათავისუფლებენ
გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ნათია ომაძე აცხადებს, რომ ახალმა თავმჯდომარემ თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

ამის შესახებ ნათია ომაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთი კვირაა თავმჯდომარე ილია მეტრეველი მისგან პირად განცხადებას ელოდება, თუმცა პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურის დატოვებას არ აპირებს.

,,მე კონკურსის წესით დავინიშნე, გავიარე ყველა პროცედურა, რაც საატესტაციო პროცედურებს დაჭირდა. გარანტია მქონდა, რომ ვინმე უსაფუძვლოდ სამსახურიდან გათავისუფლებას არ მომთხოვდა. მე საკუთარი სურვილით სამსახურიდან წასვლას არ ვაპირებ. თუ ერთპიროვნული ბრძანებით მოხდება, მაშინ სამართლებრივ გზებს გამოვიყენებ" - განაცხადა ნათია ომაძემ.

ცნობილი ხდება, რომ საკრებულოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს ილია მეტრეველს თანაშემწის ადგილზე ირაკლი ოქრუაშვილის დანიშვნა სურს. ილია მეტრეველი ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელია და ის 2016 წლის 4 მარტს საკრებულოს სხდომაზე აირჩიეს.

ილია მეტრეველის არჩევას წინ ორთვიანი ხმაურიანი პროცედურები უძღოდა, რაზედაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ვრცლად წერდა.

ნათია ომაძის სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების ფაქტს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე ეხმაურება. მისი თქმით, ის, რაც გორის საკრებულოში დღეს ხდება, სამარცხვინოა.

,,ეს ამბავი უბრალოდ არ ჩაივლის" - გვითხრა პაპუნა კობერიძემ. პაპუნა კობერიძე არ დაუშვეს იმ ფაქტს, რომ გორის საკრებულოში პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებს გასცდეს." - აცხადებს პაპუნა კობერიძე.

საკრებულოს თავმჯდომარედ ილია მეტრეველის არჩევას ხმა კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" მისცა, მათ შორის პაპუნა კობერიძემ.

,,ილია მეტრეველის არჩევას ხმა იმიტომ მივეცი, რომ ვიწრო პარტიული ინტერესები გვერდით დავდე. ქალაქს საკრებულოს თავმჯომარე ჭირდებოდა. დღეს უკვე სხვა რეალობის წინაშე დავდექით და ჩემთვის მიუღებელი პროცესები მიმდინარეობს" - აცხადებს პაპუნა კობერიძე.

ქალაქის საკრებულოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილიც მივიდა. ის ილია მეტრეველის კაბინეტში იურისტს ვანო ბალახაშვილს და აპარატის უფროსს ზაზა ნასყიდაშვილს შეხვდა. რა კონსულტაციები მისცეს ოქრუაშვილს, შეხვედრიდან გამოსულმა ბალახაშვილმა და ნასყიდაშვილმა არაფერი თქვეს.

ირაკლი ოქრუაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მასზე უკეთესი მრჩეველი ილია მეტრეველს არ ეყოლება. თუმცა, ილია მეტრეველის გადასაწყვეტია, რა ზომებს მიიღებს.

ილია მეტრეველი 2012 წლის არჩევნებამდე პოლიტიკურ დევნაზე საუბროდა. პოლიტიკური ნიშნით გორის მესამე საჯარო სკოლიდან დედის გათავისუფლებაზე ჩიოდა. 2012 წლის შემდეგ მესამე საჯარო სკოლაში პედაგოგი დააბრუნეს.

ამჯერად კი, სასამართლო მის მიერ სავარაუდოდ გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეების განხილვა მოხდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები