ახალი ამბები
ერგნეთის ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე მიწის ფართობები სახელმწიფომ კომპანია ,,ყაზბეგი ჰილს'-ს მიყიდა
ერგნეთის ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობები საქართველოს ხელისუფლებამ კერძო კომპანიას მიყიდა.

ფართობის მყიდველი კომპანია ,,ყაზბეგი ჰილსია'', რომელიც რეგისტრირებულია გორში. შეძენილი ნაკვეთის საერთო ფართობია 168 736 კვ.მ

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ქონების მართვის სააგენტომ მიწის ფართობები გარკვეული პირობის შესრულების სანაცვლოდ გაყიდა, თუმცა რა პირობით გახდა მფლობელი ,,ყაზბეგი ჰილსი'', უცნობია. კომპანიის დამფუძნებელია გივი ჯალაბაძე.

ქონების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე, მიწის ნაკვეთების პრივატიზაციის პირობის და ზოგადად პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია არ დევს. მიწის პრივატიზაცია 2023 წლის ივლისში განხორციელდა. 

მიწის ფართობი ცხინვალთან ახლოს, თითქმის ქალაქის შესასვლელში მდებარეობს.



2023 წლის ზაფხულამდე გამყოფ ხაზთან ყველაზე ახლოს მიწის ფართობებს ფლობდა კომპანია ,,აგრო გორი'', რომლის მფლობელია ერგნეთის მკვიდრი დიმიტრი დოიჯაშვილი. 

ამჯერად, გამყოფ ხაზთან ყველაზე ახლოს მდებარეობს კომპანია ,,ყაზბეგი ჰილსის'' ფართობი. შემდეგ მოდის  კომპანიის ,,აგრო გორის'' მიწის ფართობები.

საგულისხმოა, რომ ვიდრე სახელმწიფო მიწის ფართობს ,,ყაზბეგი ჰილსს'' მიყიდიდა, მანამდე აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 2022 წლის ივნისში, ქონების მართვის სააგენტომ საპარტნიორო ფონდს გადასცა. რამდენიმე თვეში საპარტნიორო ფონდმა მიწის ნაკვეთი ,,მიატოვა'' და სახელმწიფოს დაუბრუნდა. 2023 წლის ივლისში კი სახელმწიფომ ,,ყაზბეგი ჰილსს'' მიყიდა.

ერგნეთის ბაზრობა 1993-2004 წლებში ფუნქციონირებდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები