ახალი ამბები
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა "Abbott Biologicals B.V."- ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა.

სახელმწიფო ვაქცინაციის ფარგლებში, უფასო იმუნიზაცია შეეძლებათ მაღალი რისკის ჯგუფებს:

დიაბეტის მქონე პირებს, დიალიზზე მყოფ პირებს, C ჰეპატიტის მქონე პირებს, აივ/შიდსის მქონე პირებს, ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირებს, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმულ პირებს, ორსულებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგებს, ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებს და მათ მომვლელ პერსონალს, სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ მედპერსონალს და სხვ.

ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელთა სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები