ახალი ამბები
როგორია შშმ პირებისათვის დასაქმების ბაზარი - შეხვედრა გორში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან
შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის - Society Biliki-ის ორგანიზებით მიმდინარეობს შეხვედრა ადგილობრივ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანია სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის საკითხების წამოწევა და განხილვა.

შეხვედრაზე მოწვეულნი არიან შიდა ქართლის რეგიონის ბიზნეს სექტორის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, სოციალურ საწარმოთა ალიანსის, სავაჭრო პალატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ პროექტების ,,შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე 2“ და „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ მიზნებსა და ამოცანებს, ასევე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას და სამომავლო გეგმებს, რომელსაც „საზოგადოება ბილიკის“ ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი წარადგენს.

სლოვაკეთის პარტნიორი ორგანიზაციის TENETET-ის წარმომადგენლები ბიზნეს სექტორის სოციალური პასუხისგებლობის გამოცდილებას გაუზიარებენ შეხვედრის მონაწილეებს.

შეხვედრის მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიებს დაეთმობა, რომლის მონაწილეები იმსჯელებენ - როგორია დასაქმების ადგილობრივი ბაზარი, რა გამოწვევებს ხედავს ბიზნესი შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ბიზნესისა და სოციალურ მეწარმეების არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება.

პანელური დისკუსიის მონაწილენი განიხილავენ რეგიონის მასშტაბით სოციალური პასუხისმგებლობის წარმატებულ მაგალითებს და მეწარმეობის მიმართულებით ახალგაზრდული სტარტაპების გამოცდილებას გაეცნობიან.
შეხვედრა ქვემო ქართლის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება პროექტების „შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე“ და „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. 

პროექტებს ახორციელებს „საზოგადოება ბილიკი“ Slovak Aid-ისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები