ახალი ამბები
ნადარბაზევის ტბის სიახლოვეს ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება
ნადარბაზევის ტბის სიახლოვეს ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. პროექტის მიხედვით, ტბის დასავლეთ მხარეს 9 ტურბინა დაიდგმება.

ქარის ელექტროსადგური 50.4 მგვტ სიმძლავრის იქნება. პროექტი განსახილველად კომპანია ,,ჩერო ენერჯი ინვესტიმ'' გარემოს დაცვის სამინისტროში წარადგინა და დასკვნას ელოდება.

ტურბინა გენერატორების განთავსებისთვის განიხილებოდა 3 ალტერნატიული ვარიანტი.

,,განთავსების ადგილები იმგვარად შეირჩა, რომ ტურბინები შეძლებისდაგვარად განთავსებულიყო კერძო საკუთრების გარეთ და, ამავდროულად, არ გამოეწვია ენერგიის გამომუშავების ძალიან დიდ დანაკარგები'' - აღნიშნულია კომპანიის მიერ წარდგენილ ანგარიშში.



ფრინველებზე პოტენციური ზემოქმედების შეფასება

წარმოდგენილია ასევე ანგარიში, თუ რა ზეგავლენას მოახდეს ნადარბაზევის ქარის ელექტროსადგური ფრინველებზე. სპეციალისტებმა რამდენიმე თვე იმუშავეს ნადარბაზევის ტერიტორიაზე.

ანგარიშში წერია: ,,ჩატარებული კვლევის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ქარის ელექტროსადგურის საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ფრინველების 94% (148 სახეობა) არის ფართოდ გავრცელებული, მრავალრიცხოვანი სახეობა და დღესდღეობით გადაშენების საფრთხე ნაკლებად ემუქრება მათ პოპულაციებს. დარჩენილი 6%-დან, 3% (5 სახეობა) შეტანილია საერთაშორისო და განახლებული ეროვნულ წითელი ნუსხის საფრთხის ქვეშ მყოფ კატეგორიაში, ხოლო მეორე 3%-ს (5 სახეობა) მინიჭებული აქვს საფრთხის ქვეშ მყოფი კატეგორიასთან მიახლოებული სტატუსი.

წითელი ნუსხის საფრთხის ქვეშ მყოფი ფრინველთა სახეობებიდან (5 სახეობა), პოტენციურად უშუალოდ საპროექტო ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი სახეობა (ჩვეულებრივი გვრიტი) ბუდობს, თუმცა საველე კვლევის დროს ის არ დაფიქსირებულა საკვლევ ტერიტორიაზე; ერთი სახეობა (წითელთავა ყვინთია) შემთხვევაითად შეიძლება შეგვხვდეს ნადარბაზევის ტბაზე ძირითადად მიგრაციის დროს,

ერთი სახეობა (ფასკუნჯი) პოტენციური ზაფხულის ვიზიტორია, ვინაიდან ფრინველის აქტიური ბუდე, საპროექტო ტერიტორიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთით 6,5 კმ-ში, ხოლო უახლოესი პოტენციური ტურბინიდან 7 კმ-ში მდებარეობს. ორი სახეობა (ველის არწივი და ბექობის არწივი) პოტენციურად ამჟამად შეიძლება შეგვხვდეს მხოლოდ მიგრაციის დროს. ბექობის არწივის ბუდობა ბოლო წლებში (10-15 წელი) ამ ტერიტორიაზე არ დადასტურებულა და არც ბუდობის კონკრეტული ადგილმდებარეობაა ცნობილი. საველე კვლევის დროს, საპროექტო ტერიტორიაზე დამატებით განისაზღვრა ორი ადგილი შემოდგომასა და გაზაფხულზე მიგრანტ ფრინველებზე დაკვირვებისთვის.

ხელფრთიანებზე პოტენციური ზემოქმედების შეფასება

ხელფრთიანებზე კვლევა 2023 წლის მაისსა და ივნისში ჩატარდა. ანგარიშის მიხედვით:

კვლევის პერიოდში ხელფრთიანების საკმაოდ მაღალი აქტივობა შეინიშნება 12 მაისსა და 23 მაისს. ხელფრთიანთა აქტივობის ასეთ მკვეთრი მატება აღნიშნულ რიცხვებში შესაძლოა მიუთიუთებდეს ხელფრთიანთა სეზონურ გადაადგილებებს. თუმცა ამის დასაზუსტებად დამატებითი კვლევებია საჭირო. ზოგადად, საველე კვლევების დასრულებამდე და პოტენციური ზემოქმედების შესარბილებლად საჭირო რეკომენდაციების შემუშავებამდე გასათვალისწინებელი იქნება ისეთი ზოგადი რეკომენდაციები როგორებიცაა:

არ არის რეკომენდირებული ქარის ტურბინების ტყეში ან ტყის პირიდან 200მ სიახლოვეს დამონტაჟება. ქარის ტურბინების ფერმის ტერიტორიაზე მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ზედმეტი განათება; რეკომენდირებულია ქარის ტურბინის ქვეშ არ მოხდეს ბუჩქნარისა და წყალჭარბი/დაჭაობებული უბნების განვითარება.

ანგარიში საკმაოდ ვრცელია, ის, როგორც გითხარით, ჯერ განხილვის პროცესშია. ამავე ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ ქარის ელექტროსადგურის მშენებლელობი ქვერნაქის ქედის კიდევ რამდენიმე ადგილას იგეგმება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები