ახალი ამბები
სოფელ ბეთლემის კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღვარი ჰყავს
30 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემში სამრევლოს დღეობა აღინიშნა. ეკლესია წმინდა ანდრია მოციქულის სახელზეა ნაკურთხი.

სასულიერო და საერო პირებს დღესასწაულზე ბეთლემში ახალდანიშნულმა წინამძღვარმა, მამა ანდრეი გრაჩიკმა უმასპინძლა. წმინდა წირვა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. 



გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბეთლემი, რომელსაც 2019 წლამდე ახალხიზა ერქვა, კათოლიკეებმა დააარსეს. 1907 წელს ამ ადგილზე 13 ოჯახი დასახლდა. ისინი სამცხე-ჯავახეთიდან, ხიზაბავრდან გადავიდნენ გორში. მიწა მამა დომინიკე პაწაძე-მუღაშაშვილმა, ეკლესიისთვის შეწირული თანხით შეისყიდა. ჯერ კიდევ მაშინ ახალმოსახლეებმა სოფელს ბეთლემი დაარქვეს, თუმცა, კომუნისტების პერიოდში ამ სახელის გამოყენება აუკრძალეს, რის გამოც, იძულებული გახდნენ ახალხიზა დაერქმიათ.

,,ჩამოსახლებულ ოჯახებს შორის არიან ჭონიშვილები, მამუკაშვილები, მურადაშვილები და სხვ. 1920 წლის მიწისძვრის დროს ძველი სახლები დაინგრა. შემდეგ მოსახლეობა ოდნავ ქვემოთ, ამჟამინდელ სოფლის ადგილას ჩავიდა. თანამედროვე სოფელი ძირითადად მენშევიკური მთავრობის პერიოდში გაშენდა, აშენდა სკოლა, საბავშვო ბაღი და ეკლესია, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაანგრიეს.'' - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები