ახალი ამბები
,,ნამუშევრები 3D ორიგამის და ქვილინგის ტექნიკით'' - მარიამ კოპაძე ქარელიდან
მარიამ კოპაძე 17 წლისაა, ქარელის გიმნაზიის მე-12 კლასელია. დაინტერესებულია 3D ორიგამის და ქვილინგის ტექნიკით. 2015 წლიდან მუშაობს იაპონური ხელოვნების 3D ორიგამის ტექნიკაზე, თვითნასწავლია.

გამოფენებზე მის ნამუშევრებს ბევრი გაოცებული ათვალიერებს, შემდეგ კი ამ ნამუშევრების შექმნის დეტალებით ინტერესდებიან:

,,3D ორიგამის შესაქმნელად გვჭირდება მხოლოდ ფერადი ფურცლები, ეს ტექნიკა არც თუ ისე პოპულარული სფეროა საქართველოში, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არ არის ცნობილი ამ დარგის შესახებ. გამოფენებზე ბევრი გაოცებული ათვალიერებს და ნამუშევრების შექმნის დეტალებით ინტერესდება. რამდენიმე გამოფენა მქონდა და მომავალშიც, რა თქმა უნდა, უამრავი მაქვს გეგმაში''. - გვეუბნება მარიამი და ასევე ქვილინგის ტექნიკაზე, რომლითაც დაახლოებით ერთი წელია, რაც დაინტერედა.





,,პირველად ყურძნის მტევნის დამზადება მოვინდომე და ბევრი ცდის შედეგად გამომივიდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ ამ ტექნიკის შესახებ მომეძიებინა, გამეგო უფრო მეტი და სხვა ნამუშევრებიც შემექმნა. ქვილინგის ზუსტი წარმომავლობა უცნობია, თუმცა ითვლება, რომ ძველ ეგვიპტეში მონაზვნები აქტიურად მუშაობდნენ ქვილინგის ტექნოლოგიით. ეს არის ერთგვარი თერაპია, რომელიც აძლიერებს ისეთ უნარებს, როგორებიცაა ნებისყოფა და გამძლეობა, ვცდილობ ყველა ნამუშევარში, ჩემი ემოცია ჩავდო.''. - გვიყვება მარიამი.

აღნიშნავს, რომ მუშაობის პროცესი საკმაოდ რთული, უცხო და ამავდროულად შრომატევადია.

,,ნამუშევრებს ჩემი ფანტაზიით ვქმნი, რაც მომდის თავში, იმის აწყობას ვცდილობ. ვფიქრობ, ყველაზე კარგად პორტრეტები გამომდის, მათზე დადებითი ემოციებიც ჩანს და უარყოფითიც.''



მარიამმა პირველად 3D ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი ნათესავის სახლში ნახა, მოეწონა, ფოტო გადაუღო და ინტერნეტში მოძებნა დაიწყო.

,,რა თქმა უნდა, თავიდან არ გამომივიდა, მაგრამ დანებების ნაცვლად გადავწყვიტე ბევრჯერ მეცადა და საკუთარი თავი განმევითარებინა. საკმაოდ ბევრი ღამე მაქვს მუშაობაში გათენებული. ნამუშევრებს ძირითადად ღამით ვქმნი, რადგან დღის განმავლობაში მომზადებების გამო დრო აღარ მრჩება, ვარ აბიტურიენტი და მინდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, ასევე ვსწავლობ გრაფიკულ დიზაინს კურსებით. ხატვა ძალიან მიყვარს, ერთი წელია ქარელის სტუდიაში ,,RUSUDAN's Art Studio" დავდივარ, ხატვა მასწავლებელმა შემაყვარა და ვფიქრობ არასდროს მომბეზრდება.'' - ამბობს მარიამი.



მისი მთავარი მიზანია ბევრი ადამიანი დაინტერესდეს ამ ტექნიკების შესახებ: ,,სწავლის სურვილი ბევრს გამოუთქვამს, ამ ეტაპზე დროის გამო ვერ ვახერხებ, მაგრამ მომავალში აუცილებლად დავგეგმავ სწავლების გაკვეთილებსაც.''

ქვემოთ ფოტოგალერეა



Print

სტატიის გამოყენების პირობები