ახალი ამბები
კლიმატის ცვლილების კანონის ,,თეთრ წიგნთან'' დაკავშირებით გორის უნივესიტეტში შეხვედრა იმართება
გორის უნივერსიტეტში იმართება შეხვედრა, სადაც მონაწილეებს კლიმატის ცვლილების კანონის ,,თეთრ წიგნთან'' დაკავშირებით, ინფორმაციას აცნობენ.

საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი შეიმუშავა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდისა (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით და წარმოადგენს საკონსულტაციო დოკუმენტს.

მიღებული მოსაზრებებისა და გამართული ეროვნული კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდება საქართველოს კანონი კლიმატის ცვლილების შესახებ.

,,მსოფლიოს კლიმატოლოგები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა გლობალური ტემპერატურის მატების ზრდის 1.5°C-მდე შენარჩუნება. დედამიწაზე გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, 1°C-ით უკვე მოიმატა და, თუ არ გაძლიერდება კლიმატის ქმედებები, განსაკუთრებით ემისიების შემცირების თვალსაზრისით, თითქმის 3°C-იან ნიშნულს მივუახლოვდებით.''

,,საქართველოს აღებული აქვს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებები. აღნიშნული ვალდებულებები გულისხმობს გაეროს, კონკრეტულად კი, პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ მიზანს: „გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5°C-მდე შეზღუდვის მცდელობა.’’ გარდა ამისა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულებები მოითხოვს ევროკავშირის კლიმატისა და ენერგიის პოლიტიკასთან შესაბამისობას განახლებად ენერგიასა და ენერგოეფექტურობაზე განსაკუთრებული აქცენტით''- ვკითხულობთ დოკუმენტში.

კლიმატის ცვლილების თეთრი წიგნი იხილეთ ბმულზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები