ახალი ამბები
რატომ იყო დაუშვებელი 5 სართულზე მაღალი სახლების მშენებლობა გორში
2019 წლამდე შედგენილი, ქალაქის განაშენიანების გაგმების მიხედვით, გორში, 5-სართულიან კორპუსზე მაღალი შენობების აგება აკრძალული იყო. როგორც კომპანია ,,სითი ინსიტუტის'' მიერ შედგენილ დოკუმენტშია აღნიშნული, გამონაკლისი მხოლოდ 1980-იან წლებში დაუშვეს, რაც კანონდარღვევა აღმოჩნდა.

ზოგადად, ქ. გორი არ გამოირჩევა მრავალბინიანი სახლების სიმრავლით, რადგანაც სართულიანობა ყოველთვის შეზღუდული ყოფილა.

ასე მაგალითად, ციხის უბანში ზღვრული მაჩვენებელი იყო ორი სართული, ძირითად მაგისტრალებზე - ხუთი სართული, ხოლო საბჭოთა დროს გაშენებულ რაიონებში - 3-5.

განაშენიანების დროს გამონაკლისი შემთხვევები დაუშვეს 2004 წელს შედგენილ გეგმაში, თუმცა ესეც დამტკიცებული არაა. 2004 წლის გენერალურ გეგმა ადგენს:

"5 სართულზე მაღალი სახლების მშენებლობა, როგორც გამონაკლისი დასაშვები იყო მხოლოდ კოშკურა ტიპით, ისიც სათანადო დასაბუთების შემთხვევაში. მაგრამ მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, ქ. გორში 80-იან წლებში აშენდა 9-სართულიანი სექციური ტიპის საცხოვრებელი სახლები, ხოლო მათგან 3 ქალაქის ცენტრში ი. სტალინის გამზირის მიმდებარე კვარტალში. განვლილ პერიოდში განხორციელებული 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩათვლილია, როგორც წინა პერიოდში დამუშავებული გენგეგმის ძირითადი დებულებების უხეში დარღვევა, განსაკუთრებით იმ ადგილებში, საიდანაც იკეტება ხედი გორის ციხისაკენ, რომლის გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია." - წერია 2004 წლის გენერალურ გეგმაში.

,,ხედვითი დერეფნების'' შექმნის ინიციტიავით გამოდის ახალი გენერალური გეგმის პროექტი. 2019 წლის დოკუმენტში ხედვით დერეფნებს სწორედაც დიდი ყურადღება ეთმობა, რომლის დაცვა მნიშვნელოვანია. რეკომენდაციის მიხედვით, იმ ადგილზე, რომელიც ამ ხედვით დერეფნის არეალში აღმოჩნდება, მაღალსართულიანი შენობა არ უნდა აშენდეს.



,,სითი ინსტიტუტის'' ექსპერტების შეფასებით, ქალაქ გორისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიქტები, რომელთა აღქმადობის დაცვა და შენარჩუნება პრიორიტეტულია, არის გორის ციხე და გორიჯვარი. ორივე ღირსშესანიშნაობა სივრცითი დომინანტია და ქალაქის ნაშენ ნაწილთან შედარებით მაღალ ტაქსომეტრიულ ნიშნულზე მდებარეობს, მათ შორის მოქცეულია ისტორიული უბანი, რომელზეც ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონები, მათ შორის, ლანდშაფტის ზონა.

,,დასახელებული ობიქტების აღქმა ქალაქის სხვადასხვა წერტილიდანაა შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წერტილია ისეთი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ღია ნებისმიერი მსურველისათვის. ხედვითი დერეფნები სწორედ იასეთი ადგილებიდან - ხედვითი წერტილებიდან - დადგინდა. გამოსაყოფია ე.წ. შიდა და გარე ხედვის წერტილები. დაცული ხედვითი დერეფანი უზრუნველყოფს დაკვირვების ობიექტის - ღირშესანიშნაობის - აღქმადობის დაცვას კონკრეტული ამ ობიექტისათვის დადგენილი რეგლამენტის შესაბამისად, რაც გულისხმობს როგორც ახალი მშენებლობების კონტროლს, ასევე უკვე არსებულ ობიექტებში შეუსაბამობების გონივრულ აღმოფხვრას. დაცული დერეფნები დაარეგულირებენ სიმაღლეს, ფერს, რეკლამის განთავსებასა და, საჭიროების შემთხვევევაში, ლანდშაფტის დიზაინის სხვა ელემენტებს'' - აღნიშნულია დოკუმენტში.

,,სითი ინსტიტუტის'' ცნობით, ქალაქი გორი, ბოლო 80 წლის განმავლობაში, წინასწარ შემუშავებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მიხედვით ვითარდებოდა.

ქ. გორის პირველი გენერალური გეგმა 1936-39 წლებში დამუშავდა. აღნიშნული გეგმის განხორციელებას ხელი მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა. მომდევნო წლებში კი საბჭოთა კავშირის ომისშემდგომი ეკონომიკური პოლიტიკა უკვე განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვდა და ამდენად, ქალაქის გენერალური გეგმა 1949 წელს განახლდა. 1971 წელს შემუშავდა ქ. გორის მესამე გენერალური გეგმა, რომელიც აქტუალური იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

ქ. გორი იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში დაიწყო ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება. თუმცა, რიგი მიზეზების გამო, 2004 წელს შემუშავებული, თანამედროვე გეგმარებით პრინციპებზე დაფუძნებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ დამტკიცებულა.

,,რა თქმა უნდა, საბჭოთა გეგმები სოციალისტური ქალაქის იდეებს ეფუძნებოდა, თუმცა, საბჭოთა პერიოდებიც ერთმანეთისაგან განსხვავებული იყო და შესაბამის ეკონომიკურ გეგმებს ექვემდებარებოდა. ასევე უდავოა, რომ 2004 წელს დამუშავებული დოკუმენტი იზიარებს სრულიად ახალ რეალობას - კერძო საკუთრების, მიწის ბაზრის და ქალაქში გაჩენილი სტეიკჰოლდერების ინტერესებს. ამასთან, ყველა გეგმა აკონკრეტებდა და ავსებდა წინამორბედ დოკუმენტს, რის გამოც ქალაქის სტრუქტურა თანმიმდევრულად ვითარდებოდა. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს 2008 წლის ომის შემდეგ, ფაქტობრივად საგანგებო ვითარებაში, სათანადო ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის გარეშე აშენებული იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება.'' - აღნიშნულია 2019 წლის დოკუმენტში.

ქვემოთ ფოტოზე: ხედვითი დერეფნების შეთავაზებული ვარიანტი

Print

სტატიის გამოყენების პირობები