ახალი ამბები
,,ძალიან მსურს ქართველ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია'' - ეგორ კოჩიევი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი ეგორ კოჩიევი აცხადებს, რომ მას ძალიან სურს ქართველ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია.

ამის შესახებ მან ცხინვალში, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კოჩიევი თვლის, რომ აუცილებელია, ერგნეთის მოლაპარაკებების დროს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა პოზიცია ქართველმა მოსახლეობამაც მოისმინოს.

კოჩიევი ჟენევაში დააყენებს საკითხს, თუ რატომ არის აკრძალული ჟურნალისტების დასწრება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში გამართულ შეხვედრებზე.

"ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ ჟენევის დისკუსიებზე, რადგან ეს არის ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა. ძალიან მსურს ქართველ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, რათა სამხრეთ ოსური მხარის თვალსაზრისი საქართველოს მაცხოვრებლებს მივაწოდო", - განაცხადა მან.

გუშინ ერგნეთში, 116-ე შეხვედრა გაიმართა. კოჩიევის თქმით, არ არსებობს მკაფიო განმარტება იმაზე, თუ რომელი მხარე უშლის ხელს მოლაპარაკების პროცესზე ჟურნალისტების ყოფნას.

"ერთი რამ შემიძლია ვთქვა - ჟურნალისტების დასწრებას სამხრეთ ოსური მხარე არ უშლის. როგორც ერთხელ იყო გაცემული პასუხი, როდესაც ჟურნალისტები არ შეუშვეს შეხვედრაზე, პროცესის ერთ-ერთი მონაწილე ხელს უშლიდა, მაგრამ ზუსტი პასუხი არ გაუცია. ვცადე გამერკვია ვინ იყო, მაგრამ კონკრეტული პასუხი არ მიმიღია", - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

კოჩიევმა აღნიშნა, რომ მზად არის დიალოგისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ჟურნალისტებთან.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი დაახლოებით 2024 წლის აპრილის პირველ ნახევარში გაიმართება.

2023 წლის 5-6 დეკემბერს ჟენევაში გაიმართა ამიერკავკასიაში უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 59-ე რაუნდი. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, შეერთებული შტატების დელეგაციები, ასევე ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები. სამხრეთ ოსეთის დელეგაციას პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი ხელმძღვანელობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები